გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს სომხეთის ვაზისა და ღვინის ფონდის დელეგაცია სტუმრობს

3-11-2022

ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელების გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით,  საქართველოს სომხეთის ვაზისა და ღვინის ფონდის დელეგაცია  ეწვია.


ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. 2021 წელს, პროგრამა რაჭა-ლეჩხუმისა და კახეთის რეგიონებში დასრულდა; ამ ეტაპზე, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მიმდინარეობს.


ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ სტუმრებს საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამის ძირითადი მიღწევები და გამოწვევები გააცნო; შეხვედრაზე განხილული იყო ვენახების კადასტრთან დაკავშირებული საკანონმდებლო ასპექტები.


აღნიშნულ თემაზე კერძო სექტორის პოზიციის გასაცნობად, დელეგაციის წევრები კახეთის რეგიონში ღვინის მარნებს ესტუმრნენ.


ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. იგი უზრუნველყოფს რთველის პროცესის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ყურძნისეული პროდუქტების ხარისხსა და მიკვლევადობას.


სომხური დელეგაციის ვიზიტი განხორციელდა „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში" (PSD TVET SC) პროგრამის ხელშეწყობით, რომელიც  ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930