4-11-2022
რა პროცესებიც მიდის ნაცმოძრაობაში, ეს არის სწორედ რადიკალიზმის შიგნით გადატანა. როგორი რადიკალურებიც არიან გარეთ, ისე უპირისპირდებიან შიგნით ერთმანეთს. ეს მათი ბუნებაა, ეს არის მორიელის ბუნება. უკვე შიგნით კბენენ ერთმანეთს, ადრე ცდილობდნენ ჩვენთვის ეკბინათ, ვეღარ გვკბენენ, ვიღაცას უნდა უკბინონ და ერთმანეთს კბენენ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი live-ში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, მათ შორის ფულს ვერ იყოფენ ერთმანეთში და ამ ფულის გამო ერთმანეთს უპირისპირდებიან.
„დათა თუთაშხიადან ცნობილი სცენა თუ გახსოვთ, ეს სცენა მიდის დაახლოებით ნაცმოძრაობაში - მწვავე დაპირისპირება პარტიის შიგნით. ეს არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა. მათ შორის ფულს ვერ იყოფენ ერთმანეთში, იქ კეზერაშვილის, იქ ვიღაცეების ფული, ერთმანეთს უპირისპირდებიან ამ ფულის გამო. ჩვენ ვსაუბრობდით თქვენს ეთერში ზუსტად იმაზე, რომ კეზერაშვილი აძლევდა ხაბეიშვილს ფულს, ამით უკმაყოფილო დარჩა მელია. მას უნდოდა, რომ კეზერაშვილს ხაბეიშვილი მისი გავლით დაეფინანსებინა, მან მწარე უარი უთხრა ამაზე და ამას მოყვა დაპირისპირების კიდევ ერთი ტალღა.
ჩვენ გვქონდა ინფორმაცია შიგნიდან, მე რაც ვთქვი, მერე ეს რამდენიმე დღეში გარეთაც გამოვიდა და ცნობილი გახდა მთელი საზოგადოებისთვის. ფულს ვერ იყოფენ, ძალაუფლებისთვის იბრძვიან, ჩვენ ვეღარ გვიშვებიან ვერაფერს, ხედავენ, რომ რესურსი არ აქვთ. ჩვენ რა თქმა უნდა ფხიზლად და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება, მაგრამ დღეს მადლობა ღმერთს, ასეთი მოცემულობაა, ჩვენ ვერაფერს გვაკლებენ და ერთმანეთს დაერივნენ, რაც ძალიან კარგია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024