15-07-2018
„მე მჯერა იმის, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება და თამამი გადაწყვეტილების მიღება“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ილია წულაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ეს გამოჩნდა მაშინ, როდესაც ბახტაძე ფინანსთა მინისტრად დაინიშნა და ერთ ერთი პირველი რაც გააკეთა დაპირებიდან, დღგ -ს დაბრუნებას ეხებოდა.
„ეს საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იყო ფისკალური თვალსაზრისით მაგრამ ძალიან პასუხისმგებლობით აღსავსე, რისკიანი და ძალიან გამართლებული. დაახლოებით 450 მილიონი ლარი ბრუნდება ეკონომიკაში ამ გადაწყვეტილებით და ეს ფულია ფაქტობრივად, რომელიც კიდე უფრო ახალისებს ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკის განვითარებას. დარწმუნებული ვარ ის კარგი შედეგი რაც გვაქვს 7.5 ეკონომიკური ზრდა მაისის თვეში სწორედ ამ ბოლო თვეებში ამ რეფორმის და იმის შედეგია, რომ ეს ფული ნელ-ნელა ბრუნდება ეკონომიკაში. ეს მომავალ თვეებშიც ძალიან დადებით შედეგს მოგვცემს“ - განაცხადა ილია წულაიამ.
ნდობის გამოცხადების კიდევ ერთ ფაქტორად დეპუტატი პრემიერ-მინისტრის სხვა ინიციატივებსაც - მცირე მეწარმეებისთვის გადასახადის 5- დან 1 პროცენტამდე შემცირებას და საბიუჯეტო დავალიანებისგან 50 000-მდე მეწარმის გათავისუფლებას ასახელებს.
„რა თქმა უნდა ესეც გარკვეულ ფისკალურ ეფექტს ქმნის შეიძლება სახიფათო ნაბიჯი ყოფილიყო, მაგრამ მხარი დავუჭირეთ. მან აიღო პასუხისმგებლობა და მე დარწმუნებული ვარ ეს გადაწყვეტილებაც ძალიან კარგ შედეგს მოგვიტანს. ასევე მან ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო , როდესაც 50000 მდე მეწარმე საბიუჯეტო დავალიანებისგან გაათავისუფლა და შესაძლებლობა მისცა, რომ დაუბრუნდნენ მეწარმეობას და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის დოვლათის შექმნაში და ქვეყნის განვითარებაში“ - განაცხადა ილია წულაიამ.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ განახლებული მთავრობა ახალ სახეებთან ერთად, რომლებსაც პოლიტიკური გამოცდილება არ აქვთ მაგრამ თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, ძალიან წარმატებული გუნდი იქნება.
19-12-2024
18-12-2024