9-11-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 10 საკითხი განიხილეს.
განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება საქართველოს კანონის პროექტში - „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. კერძოდ, 2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება - სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია, რაც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას.
პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინიციატივით, 2022 წლის მარტიდან, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რამაც 60-80%-ით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება. შედეგად, წლიურად, ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რეფერენტული ფასების დაწესება კი წამლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
აგარეთვე, განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება 2013 წლის 21 თებერვლის N 36 დადგენილებაში - ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ". კერძოდ, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ამოქმედდება ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისა და თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის პროგრამა, რაც პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თავიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს. ინსულტის, თავის და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის კომპონენტის 1 თვის ბიუჯეტი 919 250 ლარს შეადგენს. პროგრამების წლიური ბიუჯეტი კი 11 მილიონი ლარია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, დაახლოებით, 770 მილიონი ლარით იზრდება, რაც უწყებას საშუალებას მისცემს გაზარდოს, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე - სხვა, მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება.
16-11-2024
16-11-2024