გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პეტრას ციხის არქეოლოგიური ექსპედიცია 2022

10-11-2022

2022 წელს გაგრძელდა არქეოლოგიური სამუშაოები პეტრას ციხის ტერიტორიაზე. ადრე შუასაუკუნეების ეპოქის სამნავიანი ბაზილიკის უბანზე ჩატარებული კვლევის შედეგად გაიწმინდა ბაზილიკის სამხრეთი ნავის აღმოსავლეთის მონაკვეთის კედლები, გამოიკვეთა სამნავიან ბაზილიკაზე ადრეული ეკლესიის საძირკვლის ახალი კონტურები.

 

ციტადელის სამხრეთ-დასავლეთ უბანზე გაითხარა ნაგებობები, რომლებიც ორი სამშენებლო ეპოქის ნაშთებს შეიცავს: ადრეული (ადრე შუასაუკუნეების) ნაგებობა კუთხეებმომრგვალებული მართკუთხა ფორმის შენობა აღმოჩნდა, რომლის კედლები და იატაკი კირხსნარითაა შელესილი და, სავარაუდოდ, წყლის რეზერვუარს წარმოადგენდა.

 

აღნიშნულ ნაგებობაზე, დასავლეთით, გვიან შუასაუკუნეებში, მიუშენებიათ ფლეთილი ქვებით ამოყვანილი შენობა, რომლის ფუნქციონალური დანიშნულება სამეურნეო ხასიათით უნდა განისაზღვროს. აღნიშნულ შენობასთან კავშირში უნდა იყოს ბრტყელი ქვებით გადახურული წვიმის წყლის სადინარის ტოტი, რომელიც დასავლეთით გრძელდება და რომლის შესწავლა მომავალ წელს დასრულდება.

 

წლევანდელი გათხრებით დადგინდა, რომ, ადრე შუასაუკუნეებში, ფლეთილი ქვებით შედგენილი ნაგებობის ადგილზე, გამართული იყო შენობა, რომელიც, კედლების მშენებლობის სტილით და კედლის გასწვრივ ჩალაგებული წელშეზნექილი ამფორების მიხედვით, შეგვიძლია ახ.წ. VI საუკუნით დავათარიღოთ. აღნიშნული ნაგებობის კედლები გრძელდება ჩრდილოეთის და დასავლეთის მიმართულებით. ნაგებობის შესწავლის დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება. წლევანდელი გათხრების შედეგები მყარ საფუძველს გვაძლევს განვაცხადოთ, რომ 2023 წელი უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩენების წელი იქნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930