10-11-2022
უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - FDI გრანტის ფარგლებში, რომელსაც ჩვენი სააგენტო ახორციელებს, საქართველოში მსხვილი ამერიკული IT კომპანია „ლინეატი" შემოვიდა, რომელიც სულ მცირე 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, - ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ინვესტიციების მოზიდვა, ჰქონდეს დამატებითი ფინანსური მექანიზმი და დღემდე კომპანიების მოზიდვის დროს ეს პროგრამა თამაშობდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს, რადგან გადასახადების სიმცირესთან ერთად, კონკრეტული 10%-იანი ქეშბექის სისტემა მოქმედებდა.
„ცოტა ხნის წინ ჩვენ გავაუმჯობესეთ ეს სისტემა და კომპანია, რომელიც საქართველოში განახორციელებს ინვესტიციას და FDI გრანტის ბენეფიციარი გახდება, 15%-იან ქეშბექს იბრუნებს. მოხარულები ვართ, რომ პროგრამას დღეს უკვე ჰყავს პირველი ბენეფიციარი - კომპანია „ლინეატი". ეს არის მსხვილი ამერიკული IT კომპანია, რომელმაც საქართველოში უკვე 100-მდე ადამიანი დაასაქმა. ამასთან, „ლინეატი" მინიმუმ 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ის მინიმუმი, რომელსაც კომპანია დააკმაყოფილებს", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დირექტორის თქმით, უახლოს მომავალში FDI გრანტის პროგრამას სხვა ბენეფიციარებიც დაემატება.
„Lineate" პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. ამერიკული კომპანიის საქართველოს რეგიონული ოფისი 2022 წელს დაარსდა და ამ ეტაპზე 85-მდე ადამიანს ასაქმებს.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით სარგებლობა მაღალტექნოლოგიური წარმოების (ელექტრო ნაწილები, ავტო ნაწილები, ავია ნაწილები), ბიზნეს პროცესებისა და IT აუთსორსინგის, ლოგისტიკურ და თვითმფრინავების მომსახურების სექტორში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს შეუძლია. საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, ბენეფიციარი კომპანია საინვესტიციო თანხის 15%-მდე უკან დაუბრუნებს.
16-11-2024
16-11-2024