11-11-2022
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავსა და გურჯაანში 250 მოსწავლე გადაამზადა. დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებს სემინარები კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა" და „Happy Onlife"-ის ფარგლებში ჩაუტარდათ.
თელავის N1 და N4, გურჯაანის N1 და სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლებში IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა სოციალური მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. მოზარდებმა ისწავლეს, თუ რა როლი აქვს თითოეულ მომხმარებელს სოციალური მედიის დაფინანსებაში და როგორ მუშაობს ზოგადად სოციალური მედიის ეკონომიკა. უფროსკლასელებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა პლატფორმის ალგორითმების შესახებ.
ამავე სკოლების II და III კლასის მოსწავლეები კი „Happy Onlife"-ის დახმარებით ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციის წესებს გაეცნენ. აპლიკაციის დახმარებით, მოსწავლეებმა თამაშის გზით ისწავლეს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესები. ასევე მიიღეს ინფორმაცია, როგორ დაიცვან თავი ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან და კიბერბულინგისგან.
შეგახსენებთ, რომ Happy Onlife - ეს არის ონლაინ აპლიკაცია მოზარდებისთვის, რომლის მიზანია ბავშვებმა თამაშის გზით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება, ონლაინ შინაარსის კრიტიკული შეფასება და ანალიზი. „Happy Onlife", რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან პროექტადაა მიჩნეული, ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს აქტიურად იზრუნონ ბავშვების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და დაიცვან ისინი კიბერბულინგისგან. "Happy Onlife" ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი, როგორც iOS, ისე Android სისტემების მობილურ მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე.
მედიაწიგნიერების პროექტი „მედიის ეკონომიკა", რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation"-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტადაა აღიარებული, მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებას ემსახურება და ის ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების სწავლებაზეა ორიენტირებული. კომუნიკაციების კომისიამ საგაკვეთილო მოდული კურსის ავტორთან, „ზაფირიას მედიაგანათლების ცენტრის" დირექტორ ალესანდრა ფალკონთან ერთად შეიმუშავა და სპეციალურად ქართულ სკოლებზე მოარგო. „მედიის ეკონომიკის" პროექტი აღიარებულია, როგორც უნიკალური მიდგომა მედიასაფრთხეების შესახებ მოზარდების ცნობიერების დონის ასამაღლებლად.
16-11-2024
16-11-2024