12-11-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, შვეიცარიის კონფედერაციის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან (მინისტრთან) მარტინა ჰირაიამასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების გზები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის კუთხით საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვის საქმეში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება შვეიცარიულ მხარესთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება.
მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიელ კოლეგას საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის.
მინისტრმა შვეიცარიულ მხარესთან სამეცნიერო კავშირების გაძლიერების ხელშეწყობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან და დაინტერესების შემთხვევაში, კვლევით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა შვეიცარიელ მეცნიერებსაც ექნებათ.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. მნიშვნელოვანია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. როგორც მინისტრმა განაცხადა, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ არაერთმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.
მინისტრის შეფასებით, საქართველოში მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად არაერთი ქმედითი ნაბიჯები იდგმება. მათ შორის, გაიზარდა და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსების მოცულობა და ფართოვდება გრძელვადიანი მიზნობრივი სამეცნიერო კვლევების პროგრამები.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა პროფესიული განათლების განვითარების კუთხით კერძო სექტორის როლზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, პროფესიული განათლების ეფექტიანი მართვის წინაპირობას წარმოადგენს სწორედ კერძო და საჯარო სექტორებს შორის გაზიარებული პასუხისმგებლობა. მისი თქმით, 2021 წლიდან საქართველომ შეძლო უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის მოდელის დანერგვა – კერძო-საჯარო პარტნიორობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება მართავს.
თავის მხრივ, შვეიცარიის კონფედერაციის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანმა (მინისტრმა) მარტინა ჰირაიამამ დადებითად შეაფასა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროს განვითარების კუთხით განხორციელებული მხარდამჭერი პროექტები და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობის ფარგლებში მხარეები არაერთ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს, სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციურ ინიციატივებს განახორციელებენ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს შვეიცარიის კონფედერაციის განათლების, კვლევისა და ინოვაციების სახელმწიფო სამდივნოს (SERI) ერთიანი ორმხრივი ურთიერთობების ხელმძღვანელმა მარია პეირო ვოეფრიმ, ორმხრივი ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენელმა ფრანჩესკო ბიმ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებმა – საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის რეგიონულმა მრჩეველმა კერძო სექტორის ჩართულობის საკითხებში კორალიბლუნიერმა, სამხრეთ კავკასიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის პროგრამის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გელეუმ, შვეიცარიის პროფესიული განათლებისა და ტრენინგების ფედერალური უნივერსიტეტის (SFUVET) მთავარმა მრჩეველმა ემანუელ ვუთრიჩმა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ.
16-11-2024
16-11-2024