გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სანქციების გვერდის ავლაში რუსების დახმარებაში რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებას მანამდე ვლადიმირ ევტუშენკოვის გაუგებარ ზარზე მითითებით ადანაშაულებდა, თუმცა, მალევე აქაც ამერიკული კვალი გამოაშკარავდა - ზაზა შათირიშვილი

17-11-2022

„გუშინ მედიაში გავრცელდა გერმანული ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოპოვებული კიდევ ერთი ფოტო, სადაც დავით კეზერაშვილთან ერთად, მისი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი, ვანო ნაკაიძეა გამოსახული. ფოტო ზუსტად იმავე პერიოდშია გადაღებული, როდესაც დავით კეზერაშვილმა კურტ უოლკერთან ერთად საქმიანად ივახშმა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მედიაში გავრცელებულ ფოტოს, რომელზედაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და ბიზნესმენი ვანო ნაკაიძე არიან აღბეჭდილები.


„ვანო ნაკაიძე ის ბიზნესმენია, რომლის გემიც ივნისის ბოლოს ბათუმის პორტში შემოვიდა, რის შესახებაც ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, საქართველოში გემით სანქცირებული რუსული ტვირთი შემოაქვთო.


ანუ იკვრება საინტერესო ჯაჭვი - უოლკერი, კეზერაშვილი, ნაკაიძე, ხოშტარია: იმ პერიოდში, როდესაც კეზერაშვილთან შეხვედრებს მართავს მაღალჩინიანი ამერიკელი, კურტ უოლკერი, კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორს საქართველოში შემოჰყავს გემი და ამ საბაბით, კეზერაშვილისვე დაფინანსებული ელენე ხოშტარია საქართველოს ხელისუფლებას სანქცირებული რუსული ტვირთის ტრანზიტში ადანაშაულებს. როგორც იტყვიან, საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი.

საზოგადოებას ახსოვს, რომ სანქციების გვერდის ავლაში რუსების დახმარებაში რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებას მანამდე ვლადიმირ ევტუშენკოვის გაუგებარ ზარზე მითითებით ადანაშაულებდა. თუმცა, ჰოი, საოცრებავ და მალევე აქაც ამერიკული კვალი გამოაშკარავდა. გაირკვა, რომ ევტუშენკოვი ბაიდენის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენია და ამის გამო, ის ამერიკულ სანქციებსაც მარტივად გადაურჩა. სანქციებს გადარჩენილი რუსი მილიარდერი ნებისმიერი ამერიკული დავალების შესრულებაზე რომ იქნებოდა წამსვლელი, ამაში ეჭვი, ალბათ, არავის ეპარება. მახვილ თვალს არც ის გამოეპარებოდა, რომ უნიჭოდ დადგმული სკანდალის აგორებისთანავე, ევტუშენკოვმა პირველი ინტერვიუ არა რადიკალური ოპოზიციის რომელიმე მეტ-ნაკლებად რეიტინგულ ტელევიზიას, არამედ კეზერაშვილის სრულიად ურეიტინგო „ფორმულას“ მისცა. საბოლოოდ, სკანდალის უნიჭოდ შედგენილი გეგმა ჩავარდა და როგორც ჩანს, ამერიკელებმა და კეზერაშვილმა, ალტერნატივის სახით, გემის სკანდალი მოიგონეს. თუმცა, „არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს“ და მოგონილი სკანდალის უკან კეზერაშვილის კვალი ამ შემთხვევაშიც იოლად გაიშიფრა.


საბოლოოდ, ამერიკელებისა და კეზერაშვილის მიერ სკანდალის აგორების ორივე მცდელობა მარცხით დასრულდა. კეზერაშვილმა რუსული რუბლების სკანდალში გახვეული ხოშტარია კომიკური ხაბეიშვილით ჩაანაცვლა და მისი აქტიურობით სცადა თემის აწევა, მაგრამ ესეც ამაოდ. ამის მთავარი მიზეზი კი, გეგმის ავტორების უნიჭობაზე მეტად, საქართველოს ხელისუფლების მხარეს არსებული სიმართლეა. ხელისუფლება მკაცრად იცავს გაცემულ პირობას და სანქციების გვერდის ავლის პრეცედენტს არ უშვებს. ასეთ დროს კი, ამბის ხელოვნურად მოგონება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ამერიკელები, კეზერაშვილი და რადიკალები ცდას არც მომავალში დააკლებენ, რათა ხელისუფლება და ქვეყანა რამენაირად დააზიანონ. პოლიტიკურად გაკოტრებული და ოლიგარქობაში მხილებული კეზერაშვილი კი, ამჯერად ვანო მერაბიშვილის ხელით ნაცმოძრაობის პარტიის ექსპროპრიაციითაა დაკავებული. პარალელურად ის, ვანო ნაკაიძის ხელით, გაკოტრებული ხოშტარიას, ჯაფარიძის და ვაშაძის ერთკაციანი პარტიებისგან ერთი „მძლავრი“ ამრევი პარტიის შექმნას ცდილობს.


მართალია, ჯუფდებადობის კანონით, მამრავლების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ნული ვაშაძის ნული ჯაფარიძისა და ნული ხოშტარიას ნამრავლი ისევ ნულს გვაძლევს, ასევე არც ნაციონალების აღორძინება ჩანს რეალური, მაგრამ ხელისუფლებამ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და ქვეყნის ინტერესების დაზიანების შესაძლებლობა არავის უნდა მისცეს“, - წერს შათირიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930