17-11-2022
„შემოსავლებში ჩვენ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ,- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების 10 თვის მონაცემების შეჯამებისას აღნიშნა.
მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, იანვარი-ოქტომბრის შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს გადააჭარბა.
„იანვარი-ოქტომბრის მონაცემით შემოსავლებში ჩვენ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ, რაც თითქმის 3 მილიარდ დოლარს უტოლდება. პირველად არის შემთხვევა, როდესაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს გადავაჭარბეთ. მხოლოდ ოქტომბრის თვეში შემოსავლების კუთხით აღდგენა 126%-ია. საინტერესოა, რომ ევროკავშირის ქვეყნების, ასევე დიდი ბრიტანეთის წილი შემოსავლებში გაიზარდა“, - აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.
მისი თქმით, სტატისტიკური მონაცემების რეკორდული ზრდა აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგია და იძლევა სტიმულს, რომ აქტივობები მიზნობრივ ბაზრებზე კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდეს.
„ეს არის ძალიან აქტიური მარკეტინგული კამპანიის შედეგი, რომელიც ჩვენ ამ ტურისტულ ბაზრებზე განვახორციელეთ. ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. შესაბამისად, ეს არის ძალიან ოპტიმისტური მაჩვენებელი, შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა, ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ გავააქტიუროთ ჩვენი მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე, შევთავაზოთ კონკრეტული ტურისტული პროდუქტი, რომ რაც შეიძლება მეტი მაღალმხარჯველი ტურისტები მოვიზიდოთ“, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.
მედეა ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ვიზიტებთან შედარებით ტურისტული ვიზიტების წილი კიდევ უფრო მაღალი აღდგენით ხასიათდება, რაც ნიშნავს რომ საქართველოს სულ უფრო მეტი მაღალბიუჯეტური ტურისტი სტუმრობს.
„აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტებთან შედარებით ტურისტული ვიზიტების წილი კიდევ უფრო მაღალი აღდგენით ხასიათდება, რაც ასევე ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ქვეყანა იღებს მაღალბიუჯეტურ ტურისტებს, ეს ავტომატურად შემოსავლებში აისახება. ამ მონაცემთა ერთობლიობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ სწორი პოზიციონირება გავაკეთოთ მიზნობრივ ბაზრებზე“,-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
2022 წლის იანვარი-ოქტომბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ პირველად გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 2,854,529,093 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 100.2% აღდგენაა (ზრდა +4,838,981 აშშ დოლარი). 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +1,846,592,397 (+183.2%) აშშ დოლარით.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
16-11-2024
16-11-2024