18-11-2022
ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას თავდაცვის ძალებში ქალების ჩართულობის გაზრდა, მათი მხარდაჭერა და კარიერული წინსვლა წარმოადგენს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობითა და პარტნიორობით გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ბროშურა „ქალები საქართველოს სამსახურში“ მოამზადა. ბროშურის პრეზენტაცია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.
ბროშურაში საქართველოს თავდაცვის ძალების 13 სამხედრო მოსამსახურე ქალის ბიოგრაფიული ისტორიები, მათი გამბედაობის, სიმამაცის, ბრძოლისა და თავდადების ამბებია მოთხრობილი და გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქალებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი კაორი იშიკავა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდრე ვინიკოვი. მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ქალი სამხედროების როლსა და უპირატესობებზე ისაუბრეს. ღონისძიების მეორე ნაწილში კი, მომხსენებლებმა თავდაცვის სექტორში ქალთა ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკასა და ფუნქციონირებაზე ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს. ღონისძიებაში ბროშურაში წარმოდგენილი ქალი სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ. მათ სტუმრებთან თავდაცვის ძალებში მსახურის, ამოცანების, გამოწვევებისა და ქალისთვის სამხედრო ფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს სამსახურში მყოფი ქალების ამსახველი ფოტოგამოფენაც. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ღონისძიება „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერ დაფინანსდა.
16-11-2024
16-11-2024