ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ცდილობენ გავლენა იქონიონ ხელისუფლებაზე და სამწუხაროდ ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი აჰყვა მათ თამაშს. მათ შორის, ხაინდრავა ასახელებს ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.
“ოღონდ მათთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს და მზად არის საკუთარი ღირსებაც კი შელახოს მათთან ურთიერთობით”, – აცხადებს ხაინდრავა.
როგორც გოგა ხაინდრავამ მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლების ის წევრები, ვინც ეკა გიგაურთან ფლირტში იყვნენ შემჩნეულნი, ნელ-ნელა ტოვებენ თანამდებობებს, რასაც მოწმობს ქვეყანაში განხორციელებული ბოლოდროინდელი სამთავრობო ცვლილებები.
“სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა ადამიანების კასტა, არასამთავრობოებს ეძახიან თავს, ეს არის მხოლოდ პატარა მარგინალური ჯგუფი, როგორც წესი ყველაზე მყვირალა და ყველაზე მგზნებარე განცხადებების გამკეთებლები. როგორც აღმოჩნდა წლების მანძილზე, ერთადერთი რაც მათ ეხებათ, არის საქართველოს ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნა, რა ხელისუფლებაც არ უნდა იყოს. ეს არის მათი დანიშნულება, ის საქმიანობაში რაშიც ისინი ძალიან დიდ ფულს იღებენ”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.
მისივე თქმით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ” ათეულობით მილიონ დოლარს ღებულობს იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი, პოლიტიკურად ანგაჟირებული სტრუქტურების სასარგებლოდ იმოქმედონ.
“ამ საკითხზე დავა მქონდა პოლიტიკურად ანგაჟირებულ კარლ ბილდთან, რომელიც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. შვედ ჟურნალისტებთან ერთად ძალიან სერიოზულად შევისწავლე ეს საქმე, ვიცი ყველა ფონდი, რომელიც აფინანსებს “გამჭვირვალეობას“, ვიცით რა თანხებია ამაში გადახდილი და რისთვის. ვპირდები გიგაურს, რომ მათი პატრონები და ის ადამიანები, ვინც შეცდომაში არიან შეყვანილნი და დარწმუნებული არიან, რომ ათეულობით მლნ დოლარი გამოიყენება კეთილი მიზნებისთვის, დავანახო, რომ კაპიტანი გიგაურის მიზანია შეიქმნას პოლიტიკური კარიერა, სახელი და შემდეგ პოლიტიკაში გადახტეს თავისნაირ მარგინალურ ფიგურებთან ერთად, როგორიც არის დღეს მარგველაშვილი”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.