18-11-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტართა რვაკაციანი ჯგუფის კითხვებს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უპასუხა.
შეკითხვები შეეხებოდა საქართველოში რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის ავარიული კორპუსის საკითხებს.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა დეპუტატებს საქართველოში რუსულენოვან სკოლებსა და სექტორებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მიხეილ ჩხენკელი: „2022 წლის პირველი იანვრიდან საჯარო და კერძო სკოლებში რუსული სექტორი არ დამატებულა, ხოლო ორ საჯარო სკოლაში რუსულმა სექტორმა ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტა. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით გვაქვს რუსულენოვანი 11 სკოლა და 45 სექტორი.
ამასთან, გაცნობებთ, რომ 2020-2022 წლებში ავტორიზაცია არცერთ ახალ რუსულენოვან კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არ გაუვლია. აქვე განვმარტავ, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაცია წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურას, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ამავე კანონის მიხედვით, ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობები და ავტორიზაციის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.
2021 წლის მაისის მდგომარეობით რუსულენოვან სკოლებსა და სექტორებზე ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენდა 14 222-ს, ხოლო 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით 16 042-ს. აღსანიშნავია, რომ რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების კონტინგენტის 1 820 მოსწავლით ზრდა უმთავრესად უკავშირდება 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირების შემოსვლას, რომლებიც ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის ტერიტორიაზე.
მოგეხსენებათ, რომ გასულ სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, ხოლო მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2022-2023 სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა და, ასევე გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2 300-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1 500-ზე მეტი ბავშვი აგრძელებს ზოგადი განათლების მიღებას.
თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, საკუთარი სურვილით, შესაძლებლობა კვლავ ეძლევათ, სხვადასხვა ენაზე გააგრძელონ სწავლა საქართველოს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც ქართულ, უკრაინულ და რუსულ, ასევე, სხვა მათთვის სასურველ ენებზე. სწორედ, აქედან გამომდინარე, გაიზარდა რუსულენოვან სექტორზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა, რაც არ გულისხმობს რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების რაოდენობის ზრდას.“
სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზი შესაძლოა იყოს სხვადასხვა – უცხო ქვეყანაში სწავლა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; სტუდენტის პირადი განცხადება მიზეზის მითითების გარეშე; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოებები.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2018-2022 წლების მონაცემების თანახმად, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრი ცვლილება არ აღინიშნება და მერყეობს 1-2 %-ის ფარგლებში.
რაც შეეხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის ავარიულ კორპუსს, მინისტრმა განაცხადა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული საექსპერტო დასკვნის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის შენობა არადამაკმაყოფილებელი და საფრთხის შემცველია.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება ენიჭება სკოლის ადმინისტრაციას. ასეთ შემთხვევაში პროცესი უნდა წარიმართოს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 და 2010 წლის 13 აგვისტოს №239 დადგენილებებით დამტკიცებული წესის მიხედვით, ხოლო დემონტაჟი უნდა მოხდეს – ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. აღნიშნული წესის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლა დემონტაჟის განხორციელების მიზნით, მოიპოვებს გარკვეული სახის ნებართვებს. ესენია: შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საექსპერტო ორგანოს დასკვნა ავარიულობაზე; კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოდან შეფასება, ატარებს თუ არა სადემონტაჟო შენობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს; ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, გამგეობის ნებართვა შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნებართვა დემონტაჟზე და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებართვა დემონტაჟის თაობაზე.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მხოლოდ აღნიშნული ნებართვების მოპოვების შემდეგ განხორციელდება შესაბამისი პროცედურები.
16-11-2024
16-11-2024