გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რაბათის ციხეზე რეზერვისტებმა ფიცი დადეს

19-11-2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადას ახალი ქვედანაყოფი შეემატა. 104-ე ბატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. 


რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ რაბათის ციხეზე დადეს. რეზერვში გაწევრიანება მათ ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ რეზერვისტებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. რეზერვისტები კაპელანმა მამა იოანემ დალოცა. ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიისა და ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლები დაესწრნენ. 


რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს და თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ეთვლებათ. რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 18 - დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარს შეადგენს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930