18-07-2018
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტებზე, რომლის ფარგლებშიც დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე გამოკითხეს, გამოძიება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, – ამის შესახებ პირველ არხს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
მთავარ პროკურატურაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
ინფორმაცია ქუმსიშვილისა და ალავიძის გამოკითხვის შესახებ დღეს გავრცელდა, რაც მოგვიანებით მთავარ პროკურატურაში დაადასტურეს.
„მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.
ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე“, – აცხადებენ პროკურატურაში.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.
19-12-2024
18-12-2024