ყოფილი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროკურატურაში ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
ქუმსიშვილი არ აზუსტებს იმ საკითხებს, თუ რასთან დაკავშირებით ჰქონდა საგამოძიებო უწყებას კითხვები.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა პროკურატურაში მის გამოკითხვასთან დაკავშირებით საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„პროკურატურამ მთხოვა ჩემი მოსაზრება დამეფიქსირებინა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იყო ისეთი საკითხები, რომლებიც ჩემი მინისტრობის დროს ჩვენვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში. აქედან გამომდინარე, ყველა ის მოსაზრება რაც გამაჩნდა განვაცხადე და ყველა კითხვაზე პასუხი გავეცი.
საგამოძიებო უწყებაში გამაფრთხილეს და საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცის ვერ გავავრცელებ. მინდა გითხრათ, რომ ჩემი გადმოსახედიდან ეს კითხვები იყო ძალიან მარტივი და არა პირდაპირ ჩემთან დაკავშირებული.
ბევრი ბინძური ჭორი იყო ჩემ გარშემო გავრცელებული ამ წლების განმავლობაში. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრ ადამიანზე მაქვს უარი ნათქვამი იმ სახელმწიფოებრივი ხედვიდან გამომდინარე, რომელიც მე გამაჩნდა და როგორც წესი, ჭორები მოდიოდა სწორედ ამ ადამიანებისგან და ეს იყო დაკვეთა, რომელიც ჩემი სახელის წინააღმდეგ მუშაობდა“- განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასევე ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ალავიძე პროკურატურაში გამოკითხეს.
საქმე სახელმწიფო უწყებებიდან თანხების მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენებას ეხება.