გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომეო მიქაუტაძე: „მწვანე წყალბადის" ტექნოლოგიის განვითარება არა მხოლოდ დააბალანსებს ენერგეტიკულ სისტემას, არამედ ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შექმნის ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს

22-11-2022

„გვჯერა, რომ „მწვანე წყალბადის" ტექნოლოგიის განვითარება არა მხოლოდ დააბალანსებს ენერგეტიკულ სისტემას, არამედ ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შექმნის ახალ ბიზნეს შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილებს. ამდენად, მიგვაჩნია, რომ უნდა დაჩქარდეს საერთაშორისო თანამშრომლობა კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ წყალბადის ენერგეტიკის შესახებ საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას.


ფორუმი საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA), ევროკავშირის პროგრამის EU4Energy ფარგლებში და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, რომლის დროსაც გაკეთდა სააგენტოს 2022 წლის გლობალური წყალბადის ანგარიშის პრეზენტაცია.

„საქართველომ დიდი ინტერესი გამოხატა „მწვანე წყალბადის" ტექნოლოგიების მიმართ. საქართველოს ენერგეტიკის კანონმდებლობა და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის (NECP) პროექტი უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს წყალბადის ათვისებას ენერგეტიკის სექტორში.


მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ გვაქვს სტრატეგია ან სამოქმედო გეგმა, რომელიც უშუალოდ წყალბადის საკითხებს განიხილავს, ჩვენი მხრიდან უკვე გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადაიდგა ამ მიმართულებით. მაგალითად, 2021 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში „მწვანე წყალბადის" განვითარების ხელშეწყობას. ამ შეთანხმების ფარგლებში შეფასდება საქართველოში მწვანე წყალბადის განვითარების პოტენციალი მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის შემდგომი განხორციელებისთვის," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


აღსანიშნავია, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან „მწვანე წყალბადის" განვითარების პროექტის წინასწარი ტექნიკურ - ეკონომიკური დასაბუთების კვლევის მიმართულებით საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს. მინისტრის მოადგილის თქმით, ელექტროენერგიის მოხმარებისა და ჰიდროენერგიის გამომუშავების სეზონურობა იწვევს ზაფხულში ექსპორტირებადი ელექტრო ენერგიის ჭარბი რაოდენობით გამომუშავებასა და ზამთარში მზარდ დეფიციტს, რაც შეიძლება დაბალანსდეს ენერგიის დაგროვების ტექნოლოგიებით და ერთ-ერთი ტექნოლოგია შეიძლება იყოს წყალბადის ენერგია.


„ახალი სუფთა და ალტერნატიული ტექნოლოგიების, მათ შორის მწვანე წყალბადის შესწავლა და გამოყენება აუცილებელია. ამასთან, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ეკონომიკაში წყალბადის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო რესურსი აქვს, ასევე, საჭიროა განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობების შემდგომი კვლევა (როგორიცაა ჰიდრო, მზის და ქარის ენერგია) მწვანე წყალბადის საწარმოებლად, ხოლო შემდგომ მისი შერწყმა ბუნებრივ აირთან არსებულ გადამცემ სისტემებში, საბოლოო მომხმარებლამდე მისი ტრანსპორტირების, აგრეთვე მძიმე მრეწველობისა და ტრანსპორტირების სექტორში გამოყენების მიზნით," - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განაგრძობს წარმატებულ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან „მწვანე წყალბადის" და სხვა ტექნოლოგიური პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.


ფორუმზე ასევე მოხსენებით გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები, რომლებმაც წყალბადის პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. IEA, წყალბადის საერთაშორისო პარტნიორობის და ინიციატივების წარმომადგენლები განიხილავენ საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და წყალბადის საერთაშორისო ბაზრების პერსპექტივებს.


ფორუმზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, ჩართულია „მწვანე წყალბადის" განვითარების ევროპულ პროცესებში. ამავე დროს, საქართველო, საკუთარი განახლებადი ენერგიის პოტენციალით და სახარბიელო გეოგრაფიული განლაგებით, განიხილავს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების, სარგებლის მიღებას როგორც საკუთარი რესურსების განვითარებით, ასევე სხვა ქვეყნებიდან ტრანზიტის ხელშეწყობით.


ფორუმში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის და მოლდოვის წარმომადგენლები, რომლებმაც გააკეთეს პრეზენტაციები მათი ქვეყნების ხედვასა და ინტერესებზე წყალბადის პოლიტიკაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930