23-11-2022
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ საჯარო ლექცია გამართა ლეიდენის უნივერსიტეტში, რომლის მთავარ თემას ახალი მსოფლიო წესრიგი და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენდა.
ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და მის გავლენაზე მთლიანად შავი ზღვის რეგიონზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, საქართველოს როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და საქართველოს ჩართულობაზე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირებაში.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მთავარ განსახილველ თემებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, ნიდერლანდების მხარდაჭერის მნიშვნელობა და საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი წარმოადგენდა.
„საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც განვიხილეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეული საქმიანობა. ნიდერლანდურმა მხარემ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მხარდაჭერა დაგვიდასტურა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე განსაკუთრებული ინტერესია საქართველოს მიმართ ევროპულ დედაქალაქებში, რადგან იკვეთება არაერთი მიმართულება, რომელშიც საქართველოს როლი იზრდება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები - ირაკლი ქადაგიშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი.
16-11-2024
16-11-2024