23-11-2022
აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისიისგან უკრაინულმა მხარემ კანონპროექტი გამოითხოვა, ევროსაბჭოში კი აცხადებენ, რომ არ გამოუთხოვია - ურთიერთგამომრიცხავმა ინფორმაციამ კითხვის ნიშნები გააჩინა, თუ რასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი საკითხში გაერკვევა და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ვენეციის კომისიაში პროექტის გაგზავნის თაობაზე.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო ორი დღეა ვრცელდება ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაცია ვენეციის კომისიიდან უკრაინული კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით, გუშინ აშშ - ის ელჩმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისიისგან უკრაინულმა მხარემ გამოითხოვა კანონპროექტი და აღარ ელოდება დასკვნას, ამ ჭრილში მოუწოდა საქართველოს, რომ ვენეციის კომისიაში საკუთარი ვერსია გაეგზავნა კანონპროექტის, დღეს ირკვევა და როგორც ევროსაბჭოში აცხადებენ უკრაინულ მხარეს არ გამოუთხოვია პროექტი, გრძელდება მასზე მუშაობა, უბრალოდ ვერ აზუსტებს ევროსაბჭო როდის იქნება პასუხი და დასკვნა მზად უკრაინულ ვერსიასთან დაკავშირებით. ამ საკითხმა კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა, თუ რატომ გავრცელდა ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია. ეს მეტ რესურსს ქმნის იმისთვის, რომ ღრმად გავერკვეთ ამ საკითხში, თუ რასთან გვქონდა საქმე და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, რადგან როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ერთი და იმავე შინაარსის ორი დოკუმენტის გაგზავნის აზრს ვენეციის კომისიაში ვერ ვხედავთ,"- განაცხადა მათიკაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" პროექტს ოლიგარქიული მმართველობის შესახებ და აღნიშნა, რომ ის ოლიგარქების დაცვაზეა ორიენტირებული და არა დეოლიგარქიზაციაზე.
"რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" პროექტს, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად სრულიად აბსურდული პროექტია, ოლიგარქების დაცვაზეა ორიენტირებული და არა დეოლიგარქიზაციაზე, სამართლებრივად ისეთი საკითხებია, რაც საკონსტიტუციო ჩარჩოებს სცილდება, ეს არის მცდელობა ოლიგარქ კეზერაშვილის დაცვას,"- განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში შეიმუშავეს, ვენეციის კომისიიდან გაიწვიეს და ევროპის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცებამდე.
„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი რჩევა, რომელიც მოდის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, რომელიც მუშაობს საქართველოსთან ერთად ამ რეკომენდაციის შესრულებაზე, ეს ძალიან კარგი რჩევაა. ვფიქრობ, გარკვეული დაბნეულობა არსებობს, რადგან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში შეიმუშავეს, ვენეციის კომისიიდან გაიწვიეს. ეს არის კანონის ახალი სფერო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა განიხილონ კანონპროექტი, სანამ მას დაამტკიცებენ. როგორც ვთქვი, ეს არის კანონის ძალიან კომპლექსური და მნიშვნელოვანი ნაწილი და ევროპის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცებამდე“, - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.
16-11-2024
16-11-2024