30-11-2022
ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ რადიკალური არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მხრიდან იგეგმება უმძიმესი პროვოკაცია ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ყაველაშვილის თქმით, მათ მიზნად აქვთ, რომ პროვოკაციის შედეგად, საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.
„მინდა, გავაფრთხილო ეს ადამიანები, მავნებლები, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ იტყვიან უარს ამ მავნებლური ქმედებისგან, გაჟღერდება მათი სახელები და გვარები. მათ მიზნად აქვთ, რომ ამ პროვოკაციის შედეგად, საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია, არიონ სიტუაცია და ის გეგმა, რომელიც აქამდე არსებობდა, ამ სახით მიაღწიონ შედეგს. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, დასახელდება მათი გვარები და იქნება უმკაცრესი რეაგირება. ესენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. ერთ-ერთი არის ყოფილი მაღალჩინოსანი. ჩემს განცხადებას აქვს პრევენციული ხასიათი.
ყოველ შემთხვევაში, მათ ძალიან კარგად იციან, რაზე ვსაუბრობ და თუ არ აღიკვეთება მათი მხრიდან მსგავსი ქმედება, აუცილებლად მოხდება რეაგირება და იქნებიან დაშლილი. ქმედებაში იგულისხმება როგორც ყოველთვის პროვოკაციების მოწყობა ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, რათა გამოიწვიონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024