30-11-2022
კორეის დედაქალაქ სეულში, შეხვედრა გაიმართა კორეის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორთან გი ვუკ იანგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შესახებ. საქართველოს მხრიდან ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
ერთობლივი მიზანშეწონილობის კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების თანახმად, კორეა-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება განხორციელებადი და მნიშვნელოვანი სარგებელის მომტანია როგორც საქართველოსთვის, ასევე კორეისთვის. აღნიშნული შეთანხმება, დღეისათვის ძალაში მყოფი შეთანხმებებით დაფარულ 2.3 მილიარდიან ბაზარზე, ქართულ საექსპორტო პროდუქციას წვდომას გაუხსნის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გაიტანონ 50 მილიონიან, მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე სამომხმარებო ბაზარზე. ამასთან, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება კატალიზატორი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად. საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოებას, არამედ უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ინსტიტუციურ ჩარჩოს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრისთვის.
რეკომენდაციების თანახმად, მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, შესაძლებლობის ფარგლებში და ორი ქვეყნის ორმხრივი სარგებლის გათვალისწინებით, უნდა გაიმართოს როგორც საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობაზე, ასევე ვაჭრობასთან დაკავშირებული ზომების ფართო სპექტრზე, როგორიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა, საბაჟო სფერო, ვაჭრობაში დაცვითი ზომები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, არასატარიფო ზომები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და სხვ.
ასევე, კვლევის რეკომენდაციების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში განახორციელებენ შესაბამის შიდა სახელმწიფოებრივ პროცედურებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, რაზეც პირველი რაუნდის გამართვა იგეგმება 2023 წელს.
ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრაზე, მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები ენერგეტიკის, წარმოების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში.
16-11-2024
16-11-2024