გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა კაკაბაძე: ცნობილი პრინციპი - „საქმემან შენმან წარმოგაჩინოს“, აქ იწყება დეგრადირებული პოლიტიკოსების მიმართ ხალხის ფრუსტრაცია და იმ ადამიანების დაფასება, რომლებიც ცოტას ლაპარაკობენ და ბევრს აკეთებენ

2-12-2022

„ათას უბედურებაზე გადამხტარმა ქართველმა პოლიტიკანებმა დღემდე ვერ გაიგეს, რომ ხალხის დიდი ნაწილი სიტყვებით, გულზე მჯიღის ცემით და ლამაზი ლოზუნგებით შეიძლება  დროებით მოატყუო. დროის გასვლის შემდეგ,  ადამიანები მოითხოვენ  სიტყვის  საქმედ ქცევას.  რადგან ხალხი ლაპარაკის შედეგს ვერ ხედავს და საქმის ნაცვლად პოლიტიკანებისგან ისევ ესმით მხოლოდ ლაპარაკი, ლოზუნგები, ოპონენტების ლანძღვა-გინება და მათი დემონიზაცია, რომელიც არანაირი ფაქტებით არ არის გამყარებული, მათ აღარ ენდობიან. იწყებს მუშაობას ცნობილი პრინციპი - „საქმემან შენმან წარმოგაჩინოს“- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

 

 

კაკაბაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ხალხს არ სჯერა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საქმეების ავტორი, რომელიც სიტყვებით არასოდეს აპელირებს, ქვეყნის მოღალატე, საქართველოს ჭაობში ჩაძირვის მოსურნე, პროგრესის მტერი და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველი რუსი ოლიგარქია.

 

როგორც კაკაბაძე წერს,  საზოგადოება,  სწორედ ამიტომ სცემს პატივს  საქმის მკეთებელ ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ არ ენდობა მხოლოდ ლაპარაკით გამორჩეულ, მისი განადგურების მსურველ ქართველ პოლიტიკანებს, ჟურნალისტებს თუ აგენტებად მოაზრებულ ე. წ. არასამთავრობოებს.

 

„საქმემან შენმან წარმოგაჩინოს

უსამშობლოების სიტყვებით:

„ბიძინა ივანიშვილმა ევროპულ თავისუფლებას რუსული მონობა არჩია!“

„ბიძინა ივანიშვილმა რუსულ ჭაობში ჩაძირა საქართველო!“

„ბიძინა ივანიშვილმა შავი ფული კრიმინალური გარჩევების ფონზე იშოვა!“

„ბიძინა ივანიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომში ფსონი რუსეთზე გააკეთა!“

„ბიძინა ივანიშვილი პუტინის ნამესტნიკია საქართველოში!“

„ბიძინა ივანიშვილმა გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი!“

„ბიძინამ იყიდა მთელი საქართველო!“

„ბიძინა ოლიგარქია და ამიტომ უნდა დასანქცირდეს!“

„დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას და ამიტომ ბიძინა უნდა წავიდეს!“.

„ამბობენ, ბიძინა უკვე 2 წელია წასულია და სადღა უნდა წავიდესო, მაგრამ არ დაიჯეროთ, სანამ ოცნება ხელისუფლებაშია, ის წასულად არ ითვლება, მოგვეცით ხელისუფლება და გააუქმეთ პარტია, წავიდეს ბიძინა ამ ქვეყნიდან „იმ ქვეყანაში“, თორემ ჯერ მორალურად და პოლიტიკურად მოვკლავთ, შემდეგ ფიზიკურადაც!"

„ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას და მაგის პოზიციას ახმოვანებს ხელისუფლება, თანაც თუ ეს ასე არ არის, აბა, ელჩი რატომ მიდის მასთან სასაუბროდ?“

„ბიძინა ივანიშვილს საკუთარი უსაფრთხოება და ქონება ყველაზე მეტად აწუხებს, დასავლეთს ევაჭრება და ფსონად ქვეყანას ჩამოდის, ანუ საქართველოს ყიდის!“

„ძირს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი!“

გაკეთებული  საქმეები:

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით შექმნილი ფონდ „ქართუს“ ბიუჯეტიდან კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარა:

  1. თბილისის შოთა რუსთაველის, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს;
  2. კ. მარჯანიშვილის, მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა, ა. გრიბოედოვის, ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის, ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და რ. გაბრიაძის სახ. მარიონეტების თეატრებს;
  3. თბილისის საკონცერტო დარბაზისა და ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს.
  4. მოახდინა ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის და თბილისის სომხური თეატრების რეაბილიტაცია;
  5. აღადგინა ს. ჯანაშიას სახ. ეროვნული მუზეუმი, გ. ბააზოვის სახ. ებრაელთა მუზეუმი, ა. წერეთლის, ი. ჭავჭავაძის, ვ. მაიაკოვსკის სახ. მუზეუმები.
  6. ბიძინა ივანიშვილის ფონდი ახორციელებს ზემოხსენებული თეატრებისა და მუზეუმების პერსონალის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას;
  7. ბიძინა ივანიშვილის ფონდმა რეაბილიტაცია ჩაუტარა 700-ზე მეტ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მათ შორის: კუმურდოს, კაცხის ეკლესიას, გერგეტის სამებას, ასპინძას, უფლისციხეს, სვეტიცხოველს, ვარძიას და ა.შ.
  8. ბიძინა ივანიშვილის ფონდის სახსრებით თბილისში აშენდა სამების საკათედრო ტაძარი.
  9. ბიძინა ივანიშვილის ფონდის სახსრებით მრავალი წლის განმავლობაში ფინანსდება სპორტის სხვადასხვა პოპულარული სახეობები (ჭიდაობა, ძიუდო, სამბო, ტაიკვანდო, კარატე, კრივი, ტანვარჯიში, ჭადრაკი, წყალბურთი, ხელბურთი, ჩოგბურთი, ფეხბურთი, ფარიკაობა და სროლა).
  10. ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ააშენა რამდენიმე სტადიონი და სარაგბო ბაზა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა.
  11. ბიძინა ივანიშვილის ფონდის ფულადი დახმარება ეძლევათ ქართველ ოლიმპიელ ჩემპიონებს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედალოსნებსა და ვეტერან სპორტსმენებს. 2015 წელს დააფინანსა თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები.
  12. ბიძინა ივანიშვილის ფონდმა საქართველოს საჩუქრად გადასცა 400 ტრაქტორი სრული სახნავ-სათესი აღჭურვილობით. ქართული ადგილობრივი ჯიშების გადარჩენის მიზნით სოფლებში – ჯიღაურასა და წილკანში შექმნილმა აგრარულმა მეურნეობებმა ააღორძინა ქართული ვაზის 440 და ხეხილოვანი კულტურების ათეულობით ენდემური ჯიში. საზღვარგარეთიდან შემოიტანა ვაზისა და ხეხილის უცხოური პერსპექტიული ჯიშები, მოხდა მათი აპრობირება ქვეყნის რეგიონებში და ადაპტირებული ჯიშების შეთავაზება ადგილობრივი ფერმერებისთვის. ჯიღაურას ბაზის დახმარებით შეიქმნა რამდენიმე სანერგე მეურნეობა, რომლებმაც უსასყიდლოდ მიიღეს ნერგები, საძირე და საკვირტე მასალა. ასევე აღდგენილია და გენეტიკურ ბანკში დაცულია ერთწლოვანი კულტურების 100-მდე ჯიში-პოპულაცია. გამართულია ელიტური კარტოფილის სანერგე მასალის წარმოების სრული სისტემა.
  13. ამ ბაზებიდან სანერგე და სათესლე მასალა წლების განმავლობაში უსასყიდლოდ გადაეცემოდა ფერმერებს (სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით), ხოლო ასობით ტონა მოწეული ყურძენი, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული – მოხუცებულთა და უპატრონო ბავშვთა სახლებს.
  14. ბიძინა ივანიშვილის ფონდმა საჩხერეში ააშენა თანამედროვე სამედიცინო ცენტრი, რომელიც გადაეცა სახელმწიფოს. დაბა ურეკსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოეწყო და აგრეთვე სახელმწიფოს გადაეცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრები. ჩაუტარდა რემონტი და აპარატურით აღიჭურვა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო.
  15. საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევის ამოქმედებამდე, ფონდ "ქართუს" მიერ დაფინანსებით ასეულობით ადამიანი გაიგზავნა საზღვარგარეთ რთული ოპერაციების ჩასატარებლად. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი გადარიცხა stopgov.ge-(მთლიანად ჩარიცხულია 138 მილიონი ლარი).
  16. ფონდი "ქართუს" დაფინანსებით აშენდა, კაპიტალურად შეკეთდა და კომპიუტერებით აღიჭურვა ასობით საჯარო სკოლა.
  17. გარემონტდა და ტექნიკურად აღიჭურვა თსუ-ის I კორპუსი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სამხატვრო აკადემიის სასწ. კორპუსი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი, დაარსდა თბილისში ფრანგული სკოლა.
  18. ბიძინა ივანიშვილის ფონდმა 2016 დაიწყო ახალი მასშტაბური სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება – ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა. აშენდა 50 ათას სტუდენტზე გათვლილი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მრავალპროფილიანი უნივერსიტეტი. ფონდის დაფინანსებით მეგაპროექტი ითვალისწინებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ადრონული ამაჩქარებლის აგებას. მრავალმხრივი დანიშნულების ცენტრი განახორციელებს სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობას, ასევე ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს შემდეგი მიმართულებებით: ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, მედიცინა და სხვ. სამეცნიერო-ტექ. ცენტრი აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, მ. შ. კრისტალების ცენტრით, ბიოფიზიკის, იზოტოპების, დაბალი ტემპერატურის ლაბორატორიებით და სხვ. ცენტრს ასევე ექნება მნიშვნელოვანი სამედ. პოტენციალი – მის ბაზაზე შესაძლებელი გახდება ადრონული თერაპიის მეშვეობით მძიმე ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.
  19. ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ააშენა ბათუმის დელფინარიუმი, ზღვისპირა რეგიონში მოეწყო თემატური პარკები, მ. შ. ქართ. ხუროთმოძღვრული ძეგლების მინიატიურების პარკი. გურიისა და აჭარის საზღვართან ფონდის მიერ აშენდა გასართობი ცენტრი "ციცინათელა", ხოლო ბაკურიანში – ახ. სათხილამურო კომპლექსი "დიდველი". გურიის რეგიონში აშენდა და შემდეგ სახელმწიფოს გადაეცა ულტრათანამედროვე საკონცერტო დარბაზი "ბლექ სი არენა"("Black Sea Arena"), რომელიც გათვლილია 10 ათას მაყურებელზე. ფონდის პროგრამებით შენარჩუნდა და აღორძინდა რამდენიმე ბოტანიკური ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლაგოდეხის, ვაშლოვანის და თუშეთის ეროვნულ პარკების ინფრასტრუქტურას, კეთილმოეწყო ბუნების ძეგლი – ყუმისთავის მღვიმე.
  20. ბიძინა ივანიშვილის ფონდმა სხვადასხვა საერთაშორისო აუქციონებზე შეიძინა ფიროსმანის ფერწერული ტილოები - „შველი წყლის პირას“ და "არსენალის მთა ღამით" და საჩუქრად გადასცა ეროვნულ მუზეუმს. აგრეთვე ფონდის დაფინანსებით ხორციელდება საქართველოს ინტერნეტიზაციის დაჩქარების პროექტი, რომლის მიზანია ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის.
  21. ბიძინა ივანიშვილის ფონდს სოლიდური წვლილი შეაქვს ქართული ჯარისა და პოლიციის რეფორმის დაფინანსებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაში. საჩხერის მუნიციპალიტეტში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, გადაიხურა 12652 საცხოვრებელი სახლი, გარემონტდა და აშენდა ასობით საცხოვრებელი სახლი, მოხდა მუნიციპალიტეტის სოფლების სრული გაზიფიცირება.

იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ სიტყვებით აპელირებენ, უკვირთ, თუ რატომ უჯერებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არა მათ სიტყვებს, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ საქმეებს. ხალხს არ სჯერა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საქმეების ავტორი, რომელიც სიტყვებით არასოდეს აპელირებს, ქვეყნის მოღალატე, საქართველოს ჭაობში ჩაძირვის მოსურნე, პროგრესის მტერი და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველი რუსი ოლიგარქია. 


საკვირველია,  მრავალწლიანი გამოცდილების მქონე და ათას უბედურებაზე გადამხტარმა ქართველმა პოლიტიკანებმა დღემდე ვერ გაიგეს, რომ ხალხის დიდი ნაწილი სიტყვებით, გულზე მჯიღის ცემით და ლამაზი ლოზუნგებით შეიძლება  დროებით მოატყუო. დროის გასვლის შემდეგ,  ადამიანები მოითხოვენ  სიტყვის  საქმედ ქცევას.  რადგან ხალხი ლაპარაკის შედეგს ვერ ხედავს და საქმის ნაცვლად პოლიტიკანებისგან ისევ ესმით მხოლოდ ლაპარაკი, ლოზუნგები, ოპონენტების ლანძღვა-გინება და მათი დემონიზაცია, რომელიც არანაირი ფაქტებით არ არის გამყარებული, მათ აღარ ენდობიან. იწყებს მუშაობას ცნობილი პრინციპი - „საქმემან შენმან წარმოგაჩინოს“. აი, სწორედ აქ იწყება დეგრადირებული  პოლიტიკოსების მიმართ ხალხის ფრუსტრაცია და იმ ადამიანების დაფასება, რომლებიც ცოტას ლაპარაკობენ (ან სულ არ ლაპარაკობენ) და ბევრ საქმეს აკეთებენ.


ეს არის და ეს. საზოგადოება,  სწორედ ამიტომ სცემს პატივს  საქმის მკეთებელ ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ არ ენდობა მხოლოდ ლაპარაკით გამორჩეულ, მისი განადგურების მსურველ ქართველ პოლიტიკანებს, ჟურნალისტებს თუ აგენტებად მოაზრებულ ე. წ. არასამთავრობოებს. სწორედ ამიტომ, ეს მოლაპარაკე ოპონენტები  მოკლევადიან წარმატებას აღწევენ, სანამ მათ მიერ გაჟღერებული ტყუილები გაიშიფრება. როდესაც  ხელოვნურად დაყენებული ბურუსი გადაიწმინდება, გრძელვადიან დისტანციაზე მათი დამარცხება და საქმის მკეთებელი ადამიანის გამარჯვება გარდაუვალი ხდება. მოლაპარაკეებს კი მომხრეთა მხოლოდ ის მცირე ნაწილი შემორჩებათ, რომლებიც მზად არიან მთელი ცხოვრება ტყუილში იცხოვრონ.

ასე იყო, ასე არის და ასე იქნება.“- წერს ნანა კაკაბაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930