6-12-2022
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 14 ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კლუბ ,,ქალაქურის" და ,,როიალის" მფლობელმა 5 თანამზრახველთან ერთად, ორგანიზებული ჯგუფი შექმნა. ბრალდებულების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ე.წ. ,,პრომო გოგონები" ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს უკავშირდებოდნენ, ზემოაღნიშნულ კლუბებში ხვდებოდნენ, ეცნობოდნენ და სტუმრების მაგიდასთან სხდებოდნენ. ანგარიშსწორებისას, ტურისტებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი თანხების გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ. ბრალდებულები აღნიშნული ხერხით არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის, მათ შორის იემენის, ეგვიპტის, ინდოეთის, სუდანის და ბელარუსის 6 მოქალაქის კუთვნილ 9 340 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.
აღნიშნული ქმედებისთვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და მეოთხე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლომ დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორებს, მათ შორის ხსენებული კლუბების მეპატრონეს სასჯელის სახით 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კლუბების ორ მენეჯერს - 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებს, მათი გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის და ზიანის ანაზღაურების ფაქტის გათვალისწინებით, არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
16-11-2024
16-11-2024