6-12-2022
იუსტიციის მინისტრი ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სააკაშვილის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. რატი ბრეგაძის თქმით, მისი გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის" კარგად ნაცნობი კამპანიაა და მასში ახალი არაფერი:
„ადვოკატმა გაავრცელა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, შემდეგ თავად სააკაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო. შემდგომში გავრცელდა ინფორმაცია ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ. მთელი ამ კამპანიის მიზანი არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, საერთაშორისო პრესის ფურცლების აჭრელების შედეგად შეიქმნას სურათი, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, ყოფილიყო მოწამლული".
რატი ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ, როგორც პასუხისმგებლიანმა უწყებამ, მიმართა ექსპერტიზის ბიუროს, რათა ჩატარებულიყო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა, თუმცა, შემდგომში მას მაინც ჩაუტარდა ეს ექსპერტიზა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ფარგლებში.
„თავიდან ბოლომდე ვხედავთ არათანმიმდევრულ სურათს. მთლიანი კამპანია – ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" საკმაოდ ნაცნობი გზა. აქ არაფერია ახალი და უცხო, ამას საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს", – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
16-11-2024
16-11-2024