7-12-2022
რა განსხვავებაა წინა და ახლანდელი ხელისუფლების მმართველობას შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, - ამ კითხვას უპასუხა გადაცემა „პოსტანალიტიკაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა.
მისი განმარტებით, ორი მაგალითის მოყვანაც მკაფიოს ხდის ამ კუთხით არსებულ განსხვავებას.
„ადამიანის უფლებების დაცვა არის ის ძირითადი ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა დემოკრატია, ჩვენთან იქნება ეს, ევროპის თუ დასავლეთის სხვა ქვეყნებში.
პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია სახელმწიფოსათვის, თუ როგორ იცავენ მოცემულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებებს.
მოვიყვან უბრალოდ ორ ციფრს და მოსახლეობას აღარ შევახსენებ იმ საშინელებებზე, რომლებიც იმ პერიოდის („ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას) ციხეებში ხდებოდა - როდესაც ადამიანი აბსოლუტურად ჯანმრთელი შედიოდა, იქიდან, თუ მიცვალებული არ გამოდიოდა, გამოდიოდა ისეთი დაავადებებით დახუნძლული, რომელთა განკურნება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ამ პერიოდში 24 000 პატიმარი ჰყავდა საქართველოს და დღეს ჰყავს დაახლოებით 9000.
მახსოვს ევროკავშირის ანგარიში, რომელიც საქართველოს შეეხებოდა - მაშინ საქართველო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების პროცესში იყო ჩართული. როცა აფასებდნენ საქართველოს პროგრესს, შესავალშივე, 23 000 პატიმარზე ეწერა და ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ამას სჭირდებოდა განსაკუთრებული ძალისხმევა. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი - სტრასბურგში საქართველოდან წასული საჩივრების რიცხვი 10-ჯერ არის შემცირებული.
ეს არის მხოლოდ ორი მაჩვენებელი იმ ზღვა და უამრავ მასალასა და ფაქტებს შორის, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონდომების შემთხვევაში მოიყვანოს იმის შესაფასებლად, თუ რა ხდებოდა და ხდება დემოკრატიის კუთხით საქართველოში“, - განაცხადა სეფაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024