გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ წაიყვანონ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ფრონტის წინა ხაზზე

8-12-2022

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ წაიყვანონ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ფრონტის წინა ხაზზე. გუშინ რომ მეთქვა, რომ რიგ შემთხვევებში ეს გარკვეული ანაზღაურების შეთავაზების ფონზეც კი ხდება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა. ამის ლაპარაკს მოვერიდე, მაგრამ რადგან ისედაც ნათელი გახდა, დღეს ამასაც დავამატებ. ბუნებრივია, ეს ყველამ ვიცოდით და ვიცით, რა თქმა უნდა, სკანდალია უკვე, დოკუმენტალურად ასახული და მტკიცებულებით - ამის შესახებ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისი თქმით, პირველი მტკიცებულება გუშინვე ფეისბუქმომხმარებელმა დადო, დღეს ამ მიმოწერით, სადაც პირდაპირ სთავაზობენ გარკვეულ თანხას, ნათელი გახდა, რომ ასეთი შეთავაზებებიც არის.

 

„არ უნდა გამოგვრჩეს არცერთ შემთხვევაში, მართლები რომ ვიყოთ საკუთარ თავთან, საზოგადოებასთან და იმ ხალხთან, ვინც იქ იბრძვის, ნამდვილად ვაჟკაც ადამიანებთან დაკავშირებითაც უნდა ვთქვათ, რომ მართლაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ღრმად სწამთ, რომ ისინი თავისი სამშობლოსთვისდა თავისუფლებისთვის იბრძვიან. უდიდესი პატივისცემა იმ ადამიანებს. მათ შორის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩემგან ამის თქმა, შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც საშინლად იქცევიან პოლიტიკურ კონტექსტში, საშინლად დამაზიანებელ მესიჯებს ახმოვანებენ, მაგრამ შეიძლება საერთო არაფერი ჰქონდეთ იმ სკანდალთან, რომელიც რამდენიმე საათის წინ გასკდა. ეს უნდა ვაღიაროთ, შეიძლება ჩემთვის, თქვენთვის, ვიღაცისთვის, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ის მესიჯები, რაც ზოგიერთი მათგანიდან მოდის, არ იყოს მისაღები, მეტიც, დამაზიანებელიც კი იყოს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს და ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ, კონკრეტული ადამიანი და ადამიანებიც კი მყავდეს მხედველობაში, არ გამორიცხავს იმას, რომ ისინი ვაჟკაცურად, თავისი რეალური, გულწრფელი ემოციით და რწმენით იბრძვიან ბრძოლის ველზე და წინა ხაზზე.

 

მაგრამ ამის მიღმა, ასევე არსებობენ ადამიანები, ამას ხაზგასმით ვამბობ, რომლებიც მართლაც ცდილობენ წაიყვანონ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე წინა ფრონტზე. გუშინ, როცა ამას ვლაპარაკობდი, რომ მეთქვა, რომ რიგ შემთხვევებში ეს გარკვეული ანაზღაურების შეთავაზების ფონზეც კი ხდება მეთქი, რა მოხდებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ. ის კი არა, რომ ვთქვი, რომ სოფელ-სოფელ დადიან, მართლაც ყველას გვაქვს ეს ინფორმაცია, მე მგონი, ვინც იქ გვისმენდა, ჟურნალისტების უმეტეს ნაწილსაც ჰქონდა ეს ინფორმაცია, რომ მართლაც არსებობს რაღაც ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც შეთავაზებებს აკეთებს. ამის ლაპარაკს გუშინ მოვერიდე, მაგრამ რადგან ისედაც ნათელი გახდა, დღეს ამასაც დავამატებ, ბუნებრივია, ეს ყველამ ვიცოდით და ვიცით და რა თქმა უნდა, სკანდალია უკვე, დოკუმენტალურად ასახული და მტკიცებულებით. შეიძლება ცუდი დროა ლირიული გადახვევისთვის, მაგრამ მართლა ანეგდოტია, რომ ნაცმოძრაობის ერთერთი ტელევიზიის ჟურნალისტი მთხოვდა მტკიცებულებას. ნაცმოძრაობის ტელევიზიის ჟურნალისტი რომ მტკიცებულებას გთხოვს, ცალკე გასაღიმებელი ამბავია, მაგრამ აი, მტკიცებულებაც. მე როცა ამას ვამბობდი, არც ის ვიცოდი, რომ რაღაც პოსტი იყო ფეისბუქში, მერე გავიგე, მე სხვა ინფორმაცია მქონდა, რომ რაღაც შეთავაზებები იყო, რაც გამოაშკარავდა დღეს. პირველი მტკიცებულება გუშინვე დაიდო, რომელიღაც ფეისბუქმომხმარებელმა დადო და დღეს უკვე ამ მიმოწერით, სადაც პირდაპირ სთავაზობენ გარკვეულ თანხას, ნათელი გახდა, რომ ასეთი შეთავაზებებიც არის“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, თუ ვინმე აღმოჩნდება, რომელიც ანაზღაურებასაც იღებს, წასულია და იბრძვის, ეს ანაზღაურებაც კი არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ანაზღაურების სანაცვლოდ არის წასული.

 

„არ გამოვრიცხავ პოზიციების დამთხვევას, რომ გულწრფელად უნდა იბრძოლოს ადამიანმა ასევე პატრიოტული მოტივებით, თავისი სამშობლოს სიყვარულით, მაგრამ მათ შორის დამატებითი ფაქტორი იყოს გარკვეული ანაზღაურება. ყოველ შემთხვევაში, ამ მტკიცებულების, ფაქტის იქით ღრმა შეფასებებში არ შევალ, მაგრამ ის ხალხი, რომელიც სარგებლობს ვიღაც ადამიანის გულწრფელი მოტივებით ერთი მხრივ და მეორე მხრივ გაჭირვებით, ამ ხალხზე უკვე, ვინც მიდის, იმაზე კი არ ვლაპარაკობ, იმ ხალხზე, ვინც ამას აორგანიზებს, კონკრეტულ თანხას სთავაზობს, ან კონკრეტულ რაღაც ენთუზიაზმთან დაკავშირებულ სამოტივაციო წინადადებებს ეუბნება და მიყავს, მე იმ ხალხზე მაქვს საუბარი და გუშინაც ამაზე ვსაუბრობდი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930