გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ უარყოფდა, რომ მებრძოლების უკრაინაში წაყვანის ორგანიზება ხდება, ახლა კი აწარმოებენ პიარს ერთ-ერთი ტელევიზიის ექსპერიმენტით დადასტურებული სკანდალის გადასაფარად

8-12-2022

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ორი დღის განმავლობაში უარყოფდა, რომ ქართველი მებრძოლების უკრაინაში წაყვანის ორგანიზება ხდება. მდინარაძის თქმით, ახლა უკვე აწარმოებენ პიარს აღნიშნული სკანდალის გადასაფარად.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ერთ-ერთი ტელევიზიის ე.წ. ექსპერიმენტით ცნობილი გახდა, რომ მსურველებს სთავაზობენ გარკვეულ ხელფასს, ახდენენ მათ რეკრუტირებას და არ უმარტავენ კანონის ნორმას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქე თუ ჩაირიცხება ნებისმიერი სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში, ის კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კანონის ეს ნორმა „ქართულ ოცნებას“ არ მიუღია.


„ცნობილი გახდა უმძიმესი სკანდალის შესახებ, რომელსაც უარყოფდნენ სრული ორი დღის განმავლობაში. ორი დღის განმავლობაში „ნაცმოძრაობა“, თავისი სპიკერებითა და ტელევიზიების მეშვეობით, კატეგორიულად უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ვინმე ეწევა ქართველი მებრძოლების უკრაინაში წაყვანის ორგანიზებას. თქვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ მტკიცებულებებიც მომთხოვა. მაშინ ამის მტკიცებულებები ხელში არ მეჭირა, მაგრამ გუშინ და გუშინწინ საღამოდან ბევრი რამ ცნობილი გახდა. ჯერ ე.წ. სქრინით ჩვენ გავიგეთ, რომ პირდაპირ „ფეისბუქში“ იყო გამოცხადებული მიღება, შემდეგ უკვე ერთ-ერთი ტელევიზიის ე.წ. ექსპერიმენტით ცნობილი გახდა, რომ მსურველებს, მათ შორის, სთავაზობენ გარკვეულ ხელფასს, ანაზღაურებას, ახდენენ მათ რეკრუტირებას და არ უხსნიან, არ უმარტავენ კანონის ნორმას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქე თუ ჩაირიცხება სხვა ქვეყნის, ნებისმიერი ქვეყნის, სამხედრო ძალებში, ის კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ახლა ისინი პიარს აწარმოებენ ამ სკანდალის გადასაფარად; მეორე, ამბობენ, რომ ეს კანონი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, რადგან ვიღაცის დასჯა უნდა. არადა, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ 1993 წლის რედაქციაშიც კი კანონმდებლობის ეს ნორმა უცვლელი შინაარსით იყო და ითვალისწინებდა, და დღესაც ითვალისწინებს, შემდეგს: „საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე, შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში, ან პოლიციის, ან უშიშროების სამსახურში“.


თქვენ ნახეთ, რომ იმ ექსპერიმენტში არ ყოფილა არცერთი სიტყვა და მინიშნება, გაფრთხილება იმ ადამიანისა, პოტენციური მსურველისა, რომელსაც ისინი ესაუბრებოდნენ. აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ რასაც ვამბობდით, დადასტურდა (თავადაც ადასტურებენ, არ უარყოფენ) – ახდენენ რეკრუტირებას, მათ შორის გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ. აქვე, ხაზგასმით მინდა, განვაცხადო, რომ ეს არ გამორიცხავს იმ გულწრფელი ადამიანების ომში მონაწილეობას, რომლებიც მართლაც ენთუზიაზმით, თავიანთი გულწრფელი სურვილით იბრძვიან უკრაინაში, მათ შორის, ღრმად სწამთ, და ამის აბსოლუტური უფლება აქვთ, რომ ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის და თავიანთი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის.


ახლა, დამატებით, დღეს ვხედავთ პიარკამპანიის ნაწილს, როდესაც გარკვეულ სამხედრო პირებს ადასტურებინებენ, რომ ისინი მართლაც ირიცხებიან უკრაინის სამხედრო შენაერთებსა და შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ამის შესახებ არცერთი ცნობა საქართველოს აქამდე არ ჰქონია. ახლა თუ ძალით გააკეთებენ იმას, რომ რაღაცნაირად, ოფიციალურ დონეზე დაადასტურებენ, დიახ, ისინი სამხედრო შემადგენლობაში არიან და ამით შეეცდებიან, უმძიმეს პროვოკაციაზე წავიდნენ – იქნებ მართლაც ჩამოართვას ვიღაცამ მათ მოქალაქეობა, ამის ოფიციალურ დოკუმენტებსა და წყაროებს თუ თვითონ შექმნიან; შემდეგ ალბათ ამაზეც ცალკე პიარს ააგებენ. ჯერ ერთი, ბინძური პროვოკაციაა და, სხვათა შორის, გიორგი ვაშაძეს დაუწყია ეს სოციალურ ქსელში, რომ მდინარაძე დაემუქრა მოქალაქეობის ჩამორთმევითო, რაც ტყუილია, რადგან მე გავაკეთე რეალური შენიშვნა, რომ მიმოწერაში არ გაუფრთხილებიათ ადამიანი, თუ ჩაირიცხება სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში, სამხედრო შემადგენლობაში, ის კარგავს მოქალაქეობას. ეს წერია კანონში, რომელიც „ქართული ოცნების“ დროს არავის მიუღია, ის იყო წინა ხელისუფლების დროსაც და მაშინაც არავის გახსენებია ამ მუხლის კრიტიკა. ეს არ არის ჩემი განმარტება, ეს არის კანონის განმარტება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930