12-12-2022
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობა“ კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
თსუ-სა და შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე 2009 წლიდან ფუნქციონირებს ინგლისურენოვანი,ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“. პროგრამის განხორციელებაში თანაბრადაა ჩართული როგორც თსუ-ს, ისე შპაიერის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა თსუ-ს დიპლომი, შპაიერის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე მითითებით. პროგრამა არსებობის მანძილზე 200-მდე სტუდენტმა დაამთავრა. წელს პროგრამას 12 კურსდამთავრებული ჰყავს. თუმცა, დიპლომები COVID 19 პანდემიის პერიოდის კურსდამთავრებულებსაც გადაეცათ.
„ნებისმიერი დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო აგებულია პრინციპზე, რომლის მიხედვითაც საჯარო მმართველობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო ბიუროკრატიულ სისტემაში. სახელმწიფო ბიუროკრატიულ სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სახელმწიფო დაწესებულებებში სახელმწიფო მოხელეები პროფესიონალები იყვნენ. ამისათვის აუცილებელია კარგი განათლების მიღება. ჩვენს კურსდამთავრებულებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ზიარებოდნენ ევროპულ პრინციპებსა და კონცეფციებზე აგებულ საჯარო მმართველობას. უნივერსიტეტი, ჩვენი ფაკულტეტი და ჩვენი სტუდენტებიც ამაყები არიან იმით, რომ მათ შეძლეს მნიშვნელოვანი და მეტად რთული პროგრამის დასრულება, მოიპოვეს აკადემიური ხარისხი.რადგან ეს არის საერთაშორისო სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს კურსდამთავრებულებს გახსნილი აქვთ გზა ევროპული შრომის ბაზრისკენ. რამდენიმე ჩვენი სტუდენტი უკვე ევროპულ სტრუქტურებში მუშაობს და მათ საკმაოდ წარმატებული კარიერული ნაბიჯები გადადგეს,“- განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა თსუ-ს მხრიდან, პროფესორმა ირაკლი ბურდულმა.
სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი სამაგისტრო პროგრამაა საქართველოში - პირველი აკრედიტაცია მიენიჭა 2015 წელს, რაც მანამდე უპრეცედენტო მოვლენა იყო ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში. პროგრამის საერთაშორისო რე-აკრედიტაცია განხორციელდა 2021 წელს და როგორც პირველ ჯერზე, ამ შემთხვევაშიც, მოიპოვა საერთაშორისო აკრედიტაცია შენიშვნებისა და რეკომენდაციების გარეშე, უკვე 7 წლის ვადით.
გერმანული მხრიდან პროგრამის ხელმძღვანელის, შპაიერის უნივერსიტეტის პროფესორის, თსუ-ს საპატიო დოქტორის ანდრეას კნორის თქმით, პროგრამა უკვე 15 წელია წარმატებით ფუნქციონირებს: „გვყავს არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული, რომლებიც საკმაოდ მაღალ პოზიციებზე მუშაობენ საქართველოს როგორც საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენი მიზანი იყო, რომ გაგვეკეთებინა ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროგრამა და აღგვეზარდა ახალი კადრები საქართველოს საჯარო მმართველობის სისტემისთვის და ვფიქრობ, ამ მიზანს მივაღწიეთ.“
თსუ-სა და შპაიერის უნივერსიტეტის თანამშრომლობა გაღრმავდა 2013 წელს, ერთობლივი ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის დაფუძნებით. ინსტიტუტი მოქმედებს თსუ-ს ბაზაზე და ორიენტირებულია საჯარო მმართველობის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე. ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულია ოცდაათამდე სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმი, გამოცემულია არაერთი სახელმძღვანელო და ფორუმის მასალა.
თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, იგეგმება სადოქტორო პროგრამის შექმნა, რომლის განმახორციელებელი მხარეები იქნებიან თსუ, შპაიერის უნივერსიტეტი და ბუდაპეშტის ანდრაშის უნივერსიტეტი.
საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულის გვანცა იჩქითის თქმით, პროგრამამ მას და მის კურსელებს საქართველოსა და საერთაშორისო შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობა მისცა: „სწავლა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, რადგან მოიცავდა იურიდიულ, ადგილობრივი თვითმმართველობის, ეკონომიკური თემატიკის და სხვა საკითხებს. პროგრამის ფარგლებში მრავალმხრივი განათლება მივიღეთ, რაც შემდეგ დაგვეხმარა პროფესიულ განვითარებაში და დასაქმების კუთხით გზა გაგვიხსნა.“
კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ბუდაპეშტის ანდრაშის უნივერსიტეტის ვიცერექტორი, პროფესორი შტეფან ოკრუხი, საქართველოს პარლამენტის, საჯარო სამსახურის ბიუროს, სხვადასხვა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.
16-11-2024
16-11-2024