13-12-2022
გვაკრიტიკებდნენ ჩვენ იმის გამო, რომ მშვიდობა, რომელიც ხელისუფლების დიდი მეცადინეობით საქართველოში არის და სუფევს, ამის გაქილიკებას ცდილობდნენ და არქმევენ ამას „ცარიელ მშვიდობას“ - ცარიელია თუ სავსე, ეს არის მშვიდობა და მშვიდობა არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს და მის მოსახლეობას და ვახერხებთ რომ ეს იყოს შენარჩუნებული. ეს არის უზენაესი ღირებულება დღეს საქართველოსთვის და როგორიც არ უნდა იყოს კრიტიკა, ხელისუფლება ამას შეძლებს და დაიცავს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დღეს, პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს უპასუხისმგებლო და ყალბი პათეტიკით გაჯერებული უწოდა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერები ცდილობენ „ცხელ პოლიტიკურ თემებად“ გახადონ ის საკითხები, რომლებიც შეიძლება „ძალიან დიდ საფრთხეებს წარმოქმნიდეს საქართველოსთვის“.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, დღეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა და ვერავითარი ფსევდოპატრიოტული, ემოციაზე თამაშით გამოწვეული პათეტიკური და აღტკინებული მოწოდებები ამ ხაზს ვერ დაარღვევს.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი აღიქვამს ყველაზე კარგად და საკადრის პასუხს ეუბნება ხალხს, ვინც ნებით თუ უნებლიეთ ემტერებიან საქართველოში მშვიდობას.
„მინდა რამდენიმე საკითხს გამოვეხმაურო, რაც დღეს ითქვა. პირველი ეს არის ის თემები, რომელიც ძალიან აქტიური მცდელობის საგანია, რომ ცხელი პოლიტიკური თემები იყოს ის თემები, რომელიც შეიძლება ძალიან დიდ საფრთხეებს წარმოქმნიდეს საქართველოსთვის. დღეს არაერთი უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ. უპასუხისმგებლოსთან ერთად, ეს იყო გაჯერებული ყალბი პათეტიკით, რომლითაც იგივე ხალხის არაერთი გამოსვლით დაგვამახსოვრეს თავი და ცდილობენ ის ადამიანური ტრაგედიები, რომელიც ხდება, რაღაცნაირად საკუთარი პოლიტიკური, ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოიყენონ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვისმენდი დღეს პათეტიკურ გამოსვლას ქალბატონი წითლიძის.
ამდენი ხანია რაზეც მიდის საუბარი, ზუსტად იმის დასტური და ლუსტრაცია იყო ყველაფერი ეს. უტიფრობაა ერთგვარი, როდესაც ბატონი ხაბეიშვილისგან ისმენ, თითქოს ადგილი აქვს ოკუპაციის დაკანონებას. კაცისგან, რომელიც წარმოადგენს პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც მხარი დაუჭირა და დღემდე იბრძვის იმის გასამართლებლად, რა რეზოლუციასაც მხარი დაუჭირეს 2008 წელს, როდესაც პრაქტიკულად საქართველო და ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დანაშაულის ჩადენაში. ხსნიდნენ ამას სხვა პუნქტებში ჩადებული სიკეთეებით, მაშინ როდესაც ყველაზე ღირებულს და მნიშვნელოვანს, მართლა ოკუპაციის დაკანონებისკენ მცდელობა შეიძლება დაერქვას ამ ყველაფერს, რაც მათ გააკეთეს იმ რეზოლუციის ხელმოწერით. აბსურდია ეს ყველაფერი, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა და ვერავითარი ფსევდოპატრიოტული, ემოციაზე თამაშით გამოწვეული რაღაც პათეტიკური და აღტკინებული მოწოდებები ამ ხაზს ვერ დაარღვევს.
ამას ქართველი ხალხი აღიქვამს ყველაზე კარგად და საკადრის პასუხს ეუბნება ხალხს, ვინც ნებით თუ უნებლიეთ ემტერებიან საქართველოში მშვიდობას“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
16-11-2024
16-11-2024