გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოლომონ პავლიაშვილი ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია 2016-2030 წლების და 2022-2026 წლების ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის წარდგენას დაესწრო

15-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია 2016-2030 წლების და 2022-2026 წლების ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის წარდგენის ღონისძიებას დაესწრო.


მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, საერთაშორისო დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ყურადღება დოკუმენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.


„მოგეხსენებათ, ჩვენ მიზანს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება წარმოადგენს. დღევანდელი დღე, ამ კუთხით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.


ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა და პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დაგვეხმარება, არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ეროვნულ დონეზე ნარჩენების მართვის პოლიტიკას და მიზნებს განსაზღვრავს. ეს მიღწევა ერთიანი ძალისხმევის და მუშაობის შედეგია, რისთვისაც გულწრფელი მადლობა მინდა გადაგიხადოთ“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ნარჩენების მართვის სექტორის მხარდაჭერა და განვითარება. მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს  ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე დასწრების შესაძლებლობა. ვფიქრობ, ახალი სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სექტორის განვითარებას“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორმა ალექსანდრე დარასმა.


აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია (2016–2030) და სამოქმედო გეგმა (2022–2026) ყოვლისმომცველ, ეროვნული პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტს წარმოადგენს და ნარჩენების პრევენციის და მათი წარმოქმნის შემცირების სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს.

დოკუმენტი ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა, რომელიც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) მიდგომას და „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის დანერგვას ითვალისწინებს.


ეროვნული სამოქმედო გეგმის ძირითად მიზანს ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავება/აღსრულება, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის დანერგვა, ნარჩენების პრევენცია, რეციკლირება. სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესება და პლასტიკის ნარჩენების მართვა წარმოადგენს.


მნიშვნელოვანია, რომ ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირი გარემოსთვის“ ფარგლებში,  გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შემუშავდა.


ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, შესაბამისი სამინისტროების,  დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930