გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილმა „ბიოქიმფარმის" ფაგების მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „აწარმოე საქართველოში" და GITA-ს ხელშეწყობით შეიქმნა

20-12-2022

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბიოფარმაცევტული კომპანია „ბიოქიმფარის" ბაქტერიოფაგების ახალი, მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.


ფაგის პრეპარატების პირველი ინდუსტრიული მასშტაბის მწარმოებელი ქარხნის გახსნას, რომელიც სტერილური (ასეპტიკური) წარმოების გაიდლაინებს აკმაყოფილებს, ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი, FAO-ს პროექტების კოორდინატორი საქართველოში ხავიერ სანზ ალვარესი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე.


ისტორიული საწარმოს მოდერნიზაციისა და გადაიარაღების პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ასევე ევროკავშირის, EBRD-ისა და FAO-ს ხელშეწყობით 17,5 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტი განახორციელა. შედეგად, „ბიოქიმფარმმა" საწარმო ევროკავშირის GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) გაიდლაინების შესაბამისად აღჭურვა, რაც ევროკავშირში მიღებული სტანდარტია.


ლევან დავითაშვილის განცხადებით, ციფრული ტექნოლოგიების მხარდაჭერასთან ერთად, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიოტექნოლოგიების მხარდაჭერა.


„ჩვენი სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ასევე „აწარმოე საქართველოში" მუდმივად ახორციელებენ მსგავსი კომპანიების ინიციატივების იდენტიფიცირებას და მხარდაჭერას. მოხარულები ვართ, რომ საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს და აგრძელებს იმ დიდ ტრადიციებს, რომელიც ქვეყანას ბაქტერიოფაგების წარმოების კუთხით გააჩნია. ამ კუთხით, როგორც იცით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან. ამიტომ მისასალმებელია, რომ ის ტრადიციები, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, შენარჩუნებულია. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოში შექმნილი პროდუქტი არის საექსპორტო და საქართველო ტექნოლოგიების რუკაზე, მათ შორის ბიოტექნოლოგიების რუკაზე, ამ საწარმოს მეშვეობით ამაყად იქნება წარმოდგენილი მომავალში. სახელმწიფო კი კვლავაც გააგრძელებს მსგავსი ტექნოლოგიური საწარმოების და ტექნოლოგიური პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერას", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


„ბიოქიმფარმის" ახალმოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწარმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა.


ამჟამად, ფაგის მედიკამენტები ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა მსოფლიოს მასშტაბით. „ბიოქიმფარმი" ფაგების ექსპორტს 8 ქვეყანაში ახორციელებს, ასაქმებს 60-ზე მეტ ადამიანს, ფლობს 2 საერთაშორისო პატენტსა და ფაგების კვლევა-განვითარებისა და წარმოების თითქმის 100 წლიან გამოცდილებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930