23-12-2022
სხვადასხვა ქვეყანაში ქართული დიასპორების არსებობის, მათთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე და ამ ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრა ჯაბა სამუშიამ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
„სასურველია, შემუშავდეს ქართული ისტორიული დიასპორის მხარდაჭერის გეგმა და შეიქმნას პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელონ. ამ საქმეში დიდი წვლილი აქვს შეტანილი თსუ-ში დაფუძნებული ქართულ დიასპორათა სამეცნიერო კვლევის ცენტრს,“- განაცხადა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.
ჯაბა სამუშიას თქმით, მისი, როგორც ისტორიკოსის ურთიერთობა უცხოეთში გადასaხლებულ ქართველებთან ჯერ კიდევ 20-25 წლის წინ, ტაო-კლარჯეთში ექსპედიციისას დაიწყო და ის კარგად იცნობს თურქეთელი ქართველების პრობლემებსა და სურვილებს.
ღონისძიებაზე ქართულ ისტორიულ დიასპორათა თვალსაჩინო წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის იმ სტუდენტებს ჰქონდათ, ვინც ამ სემესტრში არჩევითი კურსის „ქართველები საზღვარგარეთ“ მსმენელია.
არჩევითი კურსის „ქართველები საზღვარგარეთ“ შექმნა ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე გახდა საჭირო. კერძოდ, ეთნიკურ ქართველთა მრავალრიცხოვანი და კომპაქტური ჯგუფების საქართველოს საზღვარგარეთ არსებობის გამო. ქართულ დიასპორათა ცენტრის წარმომადგენლის, თსუ პროფესორის როზეტა გუჯეჯიანის განმარტებით, „სალექციო კურსის ფარგლებში სტუდენტები ეცნობიან თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში მცხოვრებ ქართველთა ტრადიციული ყოფისა და კულტურის ძირითად მახასიათებლებს, თანამედროვე ეთნო-სოციალურ და სოციო-კულტურულ პროცესებს“
სალექციო კურსს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო- სამეცნიერო ინსტიტუტი ახორციელებს, მის მომზადებაში დიდი წვლილი თსუ-ში დაფუძნებულმა ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრმაც შეიტანა. ამ კურსის და დიასპორათა კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმაც, რომელმაც ცენტრის მიერ მოკლე პერიოდში ჩატარებულ ორ მასშტაბურ კონფერენციაზეც გაამახვილა ყურადღება.
ფაკულტეტთან არსებული ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა სამომავლოდ არსებულ გეგმებსა და საქმიანობაზე ისაუბრა. მათ შორის, აქტივობებზე კახეთში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გადმოსახლებულ რეპატრიანტთა ყოფის ამსახველი საკითხების შესწავლის თვალსაზრისით, რომელშიც თსუ სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები თურქეთიდან ერგუნ ათაბაი (გურამ ქოქოლაძე) -ინეგოლის საზოგადოება, დოღან ილმაზ (დოღან მახარაძე) - ბოღაზქოის ქართველთა საზოგადოება, ეშრეფ შენთურქ (ეშრეფ კირკიტაძე) - ბურსის ქართველთა საზოგადოება, შემსეთთინ ირემაძე (გიორგი ირემაძე) -სტამბოლოს ქართული ხელოვნების სახლი და ისტორიის დოქტორი, ქართველოლოგი ირანიდან საიდ მულიანი.
თსუ ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრის შესწავლის არეალია საქართველოს პოლიტიკურ საზღვრებს მიღმა მცხოვრები მკვიდრი ქართველები, ისტორიული დიასპორები, და პირველი რესპუბლიკის შემდგომი ხანის ემიგრაციის ლოკალური წერტილები ევროპასა და აშშ-ში.
16-11-2024
16-11-2024