გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„redstar“ (რუსეთი): თუ ნატო საქართველოში ფეხს მოიკიდებს, ეს ნიშნავს რომ....

23-07-2018

რუსული გამოცემის, «Красная звезда»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოში დაგეგმილ ნატოს სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი - 2018“-ის ჩატარებას. ამასთან დაკავშირებით განხილულია კავკასიის რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გააქტიურება.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ვლადიმერ მოლჩანოვის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიიდან:


„ითვლება, რომ ვინც სამხრეთ კავკასიას აკონტროლებს, ის მუდამ საფრთხეს უქმნის ირანს და რუსულ ჩრდილოეთ კავკასიას. თუ ნატო ამ რეგიონში ფეხს მოიკიდებს, მაშინ ალიანსი გააკონტროლებს ტრანზიტს ცენტრალურ აზიასა და ავღანეთისკენ. გარდა ამისა, სამხრეთ კავკასია საერთაშორისო ენერგეტიკულ დერეფანსაც წარმოადგენს, რომელშიც, არსებულთან ერთად, კიდევ მრავალი მილსადენის პროექტირება ხდება. ამასთან დაკავშირებით, ნატო დაბეჯითებით ცდილობს თავისი თანამშრომლობის გაფართოებას სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველოსთან, მათი ალიანსში ჩართვამდეც კი. ამ მიზნით ყველაზე ინტენსიურად ამერიკელები მუშაობენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ თურქეთთან პრობლემები გაუჩნდათ (ამ ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის რამდენიმე სამხედრო ბაზაა განლაგებული). ევროპელები არ ჩქარობენ პასუხისმგებლობის მეტი ნაწილი აიღონ სამხრეთ კავკასიაში მომხდარ ამბებზე და იქაურ პროცესებზე, მაგრამ ალიანსის სტრუქტურების დონეზე სამხედრო ყოფნის გააძლიერებას მეტ-ნაკლებად ისინიც ცდილობენ.


ამასთან, სომხეთ-აზერბაიჯანთან მიმართებით ნატოელები მაინცდამაინც დიდი წარმატებით ვერ დაიკვეხნიან: აზერბაიჯანს საერთოდ არ აქვს ნატოში შესვლის მიზანი და ალიანსთან თანამშრომლობას მხოლოდ ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილეობით გამოხატავს, ხოლო სომხეთი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კვლავ რუსეთის მოკავშირედ რჩება. და მაინც ნატო სამხრეთ კავკასიას არ ეშვება: ამის მორიგი დადასტურებაა, რომ ალიანსმა საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერები ბრიუსელის სამიტზე მიიწვია.


რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, რომელიც, შეგახსენებთ, ამიერკავკასიის იმ ერთადერთ ქვეყნად ითვლება, რომელიც რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რეგიონს ესაზღვრება - კრასნოდარის მხარედან დაწყებული დაღესტნამდე, მასთან დაკავშირებით სიტუაცია სრულიად სხვაგვარია: ბრიუსელმა ბოლო 15 წლის მანძილზე მოახერხა და შეძლო მნიშვნელოვნად წინ წასულიყო ექს-საბჭოთა რესპუბლიკაზე თავისი გავლენის გაფართოების საკითხში: ტყუილად კი არ თქვა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა - „ნატო-საქართველოს ურთიერთობ უნიკალურია, თბილისი ჩვენი საიმედო და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამიტომ ყველა მხარს ვუჭერთ მის გაწევრიანობას ნატოშიო“-ნათქვამია სტატიაში.


ედუარდ შევარდნაძის დამხობის შემდეგ, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შედეგად, 2003 წელს (და ეს მაშინ მოხდა, როცა საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკების პოზიტიურ, გარდამტეხ შედეგებზე დაიწყო ლაპარაკი), საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანა ნატოში დაჩქარებული ტემპით შეეთრია. უკვე 2004 წლისათვის საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ნატოსთან ინდივიდუალური პარტიორობის გეგმა შეათანხმა. იმავე წელს თბილისმა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში გაგზავნა, ნატოს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიაში. სამწუხაროდ, საქართველოდან მიხეილ სააკაშვილის უსახელო, სირცხვილიანი გაქცევის შემდეგ, ამ მხრივ სიტუაცია არ შეცვლილა.


დღეს თბილისი ნატოსთან ურთიერთობაში, რამდენიმე მიმართულებით მოქმედებს: ერთ-ერთია ქვეყნის ტერიტორიის დათმობა ნატოს ბაზების განთავსებისა და სამხედრო მანევრების, სწავლების ჩასატარებლად. ამ სამხედრო წრთვნებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ნატოელებთან ერთად მონაწილეობენ. „ღირსეული პარტნიორი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო სწავლებაა, რომელიც უკვე მეოთხედ ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, არის წრთვნები კოდური სახელწოდებით „მტკიცე სული“, რომელიც 2011 წლიდან ხორციელდება...


რაც შეეხება ნატოს ბაზებს, ისინი ჯერ-ჯერობით საქართველოში არაა, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებას არაერთხელ შეუთავაზებია თავისი საზღვაო ნავსადგურები ალიანსისათვის. საქართველოში არსებობს აგრეთვე საბრძოლო მომზადების რამდენიმე ცენტრი, რომლებშიც არამარტო ქართველი ჯარისკაცები, არამედ უცხოელებიც ნატოს სტანდარტებითა და ამერიკელი ინსტრუქტორების მეშვეობით იწრთვნებიან. ამ ცენტრებს სულ მცირე დროში შეუძლიათ სამხედრო ბაზებად გადაქცევა...
მეორე მიმართულება, რითაც თბილისი ნატოში გაწევრიანებისათვის მზადყოფნას გამოხატავს, ესაა ბრიუსელის მოთხოვნის შესრულება - თავდაცვის ხარჯების გაზრდა, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ის ანუ 802 მლნ. ლარის ოდენობით თანხის გამოყოფას გულისხმობს. საქართველომ უკვე შეასრულა ეს მოთხოვნა. ფული მოხმარდება ახალი იარაღის შეძენას ნატოს ქვეყნებისაგან, მაგალითად, აშშ-საგან, რომლისგანაც თბილისმა უკვე იყიდა ტანკსაწინააღმდეგო კომპაქტური რაკეტა „ჯაველინი“. მიმდინარეობს მოლაპარაკება „სტინგერების“ შესაძენად“, - აღნიშნავს ავტორი.
სტატიაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამედროვე მდგომარეობას, სამართლებრივ აქტებს, სამხედრო რეფორმებს.
„შეიძლება ითქვას, რომ ნატოს არაწევრი საქართველოს არმია, თავისი მომზადების დონით, უკვე კი არ ჩამოუვარდება, არამედ ბევრად წინ უსწრებს ნატოს ზოგიერთი წევრის არმიას. რასაკვირველია, ალიანსის ხელმძღვანელობაც ცდილობს თბილისი დააიმედოს და აცხადებს, რომ საქართველოს მალე თავის რიგებში მიიღებს.


ამასთან დაკავშირებით, ზედმეტი არ იქნება ალიანსმა მოსკოვის გაფრთხილება გაიხსენოს, რომელმაც უკვე განუცხადა დასავლელ პოლიტიკოსებს - დაუფიქრდნენ თავიანთ მოქმედებას საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებასთან დაკავშირებით“, - წერს ავტორი და სტატიას ვლადიმერ პუტინის იმ სიტყვებით ამთავრებს, რომელიც მან რუსეთის ელჩების თათბირის დროს თქვა: „იმ აგრესიულ ნაბიჯებს, რომლებიც რუსეთისათვის პირდაპირ მუქარასა და საფრთხეს წარმოადგენენ, მოსკოვი შესაბამისად უპასუხებს. ჩვენი კოლეგები, რომლებიც ალიანსის სამხედრო ორბიტაში საქართველოსა და უკრაინის ჩართვას ცდილობენ, თავიანთ ნაბიჯებს უნდა დაუფიქრდნენ“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930