26-12-2022
ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და მთავარი ვალდებულება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ დიდ საქმეში ელჩების როლი განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ მსოფლიოს დედაქალაქებში სწორად იქნეს მიტანილი ჩვენი სათქმელი და საქართველოს ინტერესები სწორად წარმოჩინდეს.
„მოგესალმებით, პატივცემულო ელჩებო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო. დიდი პატივია ჩემთვის დღეს თქვენ წინაშე გამოსვლა. მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სამსახურისთვის. ვიცი, რომ თქვენ ძალიან მძიმე შრომა გიწევთ, მით უმეტეს, ამდენი გამოწვევით აღსავსე რეალობაში. ახალ სიტუაციასთან, ბუნებრივია, ჩვენ გვიწევს განსხვავებული მიდგომების გამოყენება. მინდა რამდენიმე სიტყვით თქვენთან ერთად შევაჯამო წლევანდელი წელი. მთელი წლის მთავარი მოვლენა, მთავარი პრობლემა და გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის ეს არის ომი უკრაინაში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი. მე მინდა დავეთანხმო ბატონ მინისტრს, რომ ჩვენი საელჩო და პირადად ბატონი ელჩი უკრაინაში ბოლო წუთამდე, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების საელჩოები ტოვებდნენ კიევს, ჩვენი საელჩო ბოლო წუთამდე ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საელჩოს, ჩვენს ელჩს უკრაინაში, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენთვის ყველასთვის დიდი გამოწვევაა დღეს მიმდინარე მოვლენები. ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ვინაიდან ეს ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თავად უკრაინას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ჩვენს რეგიონს და, ბუნებრივია, ამ ომს და მის შედეგებს გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. ამიტომ, აუცილებელია ამ კონფლიქტის, ამ ომის დროულად დასრულება. ეს არის ჩვენი სურვილი. მე მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინელ ხალხს მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მათი სუვერენიტეტის მიმართ. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ომის დაწყების დღიდან, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ პრაქტიკულად ყველა პლატფორმაზე ხმამაღლა მხარი დავუჭირეთ უკრაინას, მივუერთდით 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ყველა ფორმატში გამოვუცხადეთ მხარდაჭერა უკრაინას და უკრაინელ ხალხს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო და, ვთქვათ პირდაპირ, იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა და მათი მთავრობა და მათი ხალხი არის ომში, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე არ გვსურს ზედმეტი განცხადებების გაკეთება, ამ თემის კომენტირება.
მე მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. მე არაერთხელ მითქვამს, და ჩვენ ეს ჩვენი პოლიტიკით, ჩვენი მოქმედებებით დავადასტურეთ, რომ ჩვენ, ბუნებრივია, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, ყველა ქვეყანას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად ჩვენი, ყველას, მთავარი ვალდებულება არის ჯერ ჩვენი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა. ბუნებრივია, ამ დიდ საქმეში თქვენი როლი არის განსაკუთრებული, ელჩების როლი, რომ სწორად მივიტანოთ დედაქალაქებში ჩვენი სათქმელი, სწორად წარმოვაჩინოთ საკუთარი ქვეყნის ინტერესები და სწორად, ეფექტიანად გავუმკლავდეთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც მოედინება, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ამიტომ, ამ შეტევას, ამ დეზინფორმაციას სჭირდება ეფექტიანი, კონტრსაპასუხო მოქმედებები, ''- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა წლის მნიშვნელოვან დადებით მოვლენად ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წარმატება დაასახელა.
„წლევანდელი წელი გამოირჩეოდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენით, ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა. დამეთანხმებით, რომ ჩვენი, ყველას, მოლოდინი იყო, რომ ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. სამწუხაროდ, კარგად გვესმის ყველას, რომ არ იქნა მიღებული ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. არ მინდა ჩვენს კოლეგა სახელმწიფოებზე რაიმე დამაკნინებელი ვთქვა, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, რომ გაცილებით მეტად - ორჯერ, სამჯერ წინ ვართ და ვიყავით იგივე რეფორმების თვალსაზრისით, შესრულების კუთხით უკრაინასთან მიმართებით, მოლდოვასთან მიმართებით. მაგრამ გასაგებია, გვესმის ჩვენ ყველას კარგად, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ღიად ითქვა, რომ უკრაინას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ ომში იმყოფება ქვეყანა. ასევე მოლდოვა ომთან გათანაბრებულ მდგომარეობად შეაფასეს. ასე რომ, ჩვენ კარგად გვესმის ეს მოტივაცია. თუმცა, ჩვენ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს - მოლდოვასა და უკრაინას. გვინდა, რომ ამ ქვეყნებში იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა.
მას შემდეგ, რაც განისაზღვრა 12 პრიორიტეტი, იმავე დღეს, მმართველმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ ძალიან მკაფიო, ნათელი საგზაო რუკა წარუდგინა საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს პარტნიორებს. ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, მთელი გუნდი ჩართული იყო ამ პროცესში და ჩვენ ზედმიწევნით სწორად, ეფექტიანად შევასრულეთ აღნიშნული პრიორიტეტები, ეს რეკომენდაციები. პარლამენტში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები. სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში არ იყვნენ სრულყოფილად ჩართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა, ბოლოს გარკვეულმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. მინდა ყველას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან ეს იყო მართლაც შრომატევადი საქმე. ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის პირობა, რომლებიც განგვესაზღვრა. დანარჩენი პროცესი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ გარკვეული კანონპროექტები ჩვენ გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში. ახლა ველოდებით მათ დასკვნებს და ამის შესაბამისად მოვახდენთ ადაპტირებას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის გონივრული, თანამიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში არათუ მშვიდობა და სტაბილურობაა, არამედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს.
„ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო ომიდან გამომდინარე ნეგატიური ეფექტებისა და გავლენების შემცირება, რისკების დაზღვევა და საფრთხეების შემცირება. ჩვენი გონივრული, თანამიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს არათუ მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც ევროპაში არის ძალიან რთული ვითარება, მთელ მსოფლიოში არის ეკონომიკის შემცირება, რეცესია და არაპროგნოზირებადი გარემოა შექმნილი. ამ ვითარებაში ჩვენი პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო ინარჩუნებს მშვიდობას, კეთილდღეობას, სტაბილურობასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. თანაც, ეს არ მომხდარა მხოლოდ წელს, - გასულ წელსაც ჩვენ წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, რაც, ბუნებრივია, აისახება ჩვენს ხალხზე, საზოგადოებაზე."
ირაკლი ღარიბაშვილმა შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს სტრატეგიული პროექტი ქართული ინიციატივაა.
„ასევე მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტის დაწყება. რამდენიმე კვირის წინ მე ვიყავი რუმინეთში, ბუქარესტში, ეს არის ჩვენი ინიციატივა, ქართული ინიციატივა, მეგობრებო, - შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი. ამ პროექტის თაობაზე მე მქონდა საუბარი შარშან, ბრიუსელში, როდესაც ერთ-ერთი ვიზიტით ვიმყოფებოდი ბრიუსელში, და მაშინ წარვადგინეთ ერთ-ერთ "ფლეგშიფ"-პროექტად, როგორც იტყვიან. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ჩვენს მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან, და, ბუნებრივია, რუმინეთთან, რომელიც ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, და ჩვენ შემდეგ უკვე ახალ ეტაპზე გადავედით რუმინეთთან ერთად, დავიწყეთ უფრო აქტიური მუშაობა ამ პროექტის განხორციელებაზე. მოგეხსენებათ, რომ ამ პროექტს შეუერთდა აზერბაიჯანი და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ევროკავშირმა, ასევე პროექტს შეუერთდა უნგრეთი, და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ხელშესახები, სტრატეგიული მნიშვნელობის, ისტორიული, მე, არ მოვერიდები ამ სიტყვის გამოყენებას, პროექტი რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად განვახორციელებთ. და, ბუნებრივია, შემდეგ ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხალხზე."- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ელჩებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს საელჩოებისა და საელჩოებში დასაქმებული თანამშრომლების სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად.
„ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი საელჩოებისა და საელჩოებში დასაქმებული თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა. ბატონი ილია დარჩიაშვილი, როგორც ახალი მინისტრი, ძალიან აქტიურად არის ჩართული თქვენი საკითხების მოგვარებაში. ყველა თქვენს თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო. ვიცი, რაოდენ რთულია თქვენთვის ოჯახებიდან შორს, საზღვარგარეთ ყოფნა, ცხოვრება და მოღვაწეობა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ თქვენ კიდევ უფრო კომფორტულად, კიდევ უფრო კარგი პირობებით შეძლოთ თქვენი მთავარი მოვალეობის შესრულება. ბატონ ილიას აქვს ძალიან კარგი ინიციატივები. ამის თაობაზე ალბათ სხვა ფორმატში გვექნება მსჯელობა. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მას და მის ინიციატივებს, მთავრობის დონეზე ჩვენ გვექნება მაქსიმალური მხარდაჭერა და ჩართულობა. მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, პატივცემულო ელჩებო, ყველა თქვენს თანამშრომელს, გისურვოთ წარმატება, კეთილდღეობა, მშვიდობა და მოგილოცოთ წინასწარ დამდეგი ახალი წელი და შობა. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ელჩების კონფერენცია საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნა. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა აგრეთვე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024