24-07-2018
„ვაშინგტონში, ჰელსინკჯის კომისიის“ მოსმენებით გათვალისწინებული თემის („საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ და მსოფლიო წესრიგის ეროზია“) განხილვისას აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ექსპერტებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების ისეთი სქემა შესთავაზეს, როცა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების არსებობას მნიშვნელობა არ აქვს. მოსმენების დროს ითქვა, რომ ნატოს მოყოყმანე პოლიტიკას წერტილი უნდა დაესვას. საჭიროა გაბედული მოქმედება, რათა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება შესრულდეს. სწორედ ნატოს გაუბედაობით გახდა შესაძლებელი, რომ რუსეთი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებს“, - აღნიშნულია აზერბაიჯანული გამოცემის, «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის რეზიუმეს საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:
პუბლიკაციაში განხილილია ნატოს ბრიუსელის სამიტის შედეგები, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების განცხადებები, განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს ამერიკულ ტელეკომპანიასთან და მის გამოსვლას რუსი ელჩებისა და სრულუფლებიანი წარმომადგენლების თათბირზე, რომელიც 19 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუსა და გამოსვლაში მკვეთრად უარყოფითად შეაფასა ნატოს მცდელობა თავის რიგებში მიიღოს საქართველო და უკრაინა. მან განაცხადა, რომ დასავლეთის აგრესიულ ნაბიჯებს, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულს, მოსკოვი საკადრის პასუხს გასცემს.
ავტორის აზრით, „საქართველოს ალიანსში გაწევრიანება კავკასიაში დაძაბულობას გააძლიერებს, რაც აზერბაიჯანის უსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. რუსეთი საკმაოდ პიკანტურ სიტუაციაში აღმოჩნდება, როცა მისი სივრცე შეზღუდული აღმოჩნდება როგორც დასავლეთიდან, ასევე სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან. ამიტომაც მოსკოვი ყველაფერს აკეთებს საკუთარი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.