24-07-2018
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სექტემბრიდან საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება დაიწყება. ამის შესახებ გამყრელიძემ სემინარზე - "ბავშვებსა და მოზარდებში სისხლში ტყვიის შემცველობის შეფასება“ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ამირან გამყრელიძის თქმით, ამ კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა არ არის. მისი თქმით, ცალკეულ ჯგუფებში ჩატარებული მცირე კვლევებით დადგინდა, რომ გვიჩვენებს, რომ 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ზომიერი მატებაა, დაახლოებით 15%-დან 20%-ის ფარგლებში.
"საყურადღებო სურათია ქვეყანაში ტყვიასთან მიმართებაში. აუცილებელია გავაანალიზოთ, რაც გვაქვს, დავგეგმოთ, რას ვაკეთებთ და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ამ საკითხს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით დიდი კვლევა ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა.
"სექტემბრიდან გაერო-ს ბავშვთა ფონდთან და იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტთან ერთად ტარდება დიდი კვლევა ბავშვებში. ეს მოგვცემს, თუ რასთან გვაქვს საქმე ქვეყანაში. აქამდე ჩატარებული კვლევები მხოლოდ ცალკეულ ჯგუფებზე იყო, ხოლო მთლიანად ქვეყანაში რა ხდება და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია წლის ბოლოს, ამ კვლევის შემდეგ გვექნება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ 17 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეს ხუთჯერ ჩამოუვარდება.
რაც შეეხება ქართულ სუნელებში არსებულ ტყვიის შემცველობას, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს, სუნელებისა და სანელებლების 84 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა მხოლოდ ორ შემთხვევაში დაფიქსირდა.
1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულ სუნელებში ტყვიის მაღალ შემცველობასთან დაკავშირებით ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება გახმაურდა.
2017 წლის 30 ივნისს, კაროლინა როდრიგესმა, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ქართულ სუნელებში ტყვიის მაქსიმალური შემცველობა 27 000 ppm-ს აღწევდა (27 000 Parts Per Million ნიშნავს 27 000 ერთეული მილიონზე). წელს კი „ტყვიის შემცველობა აღემატებოდა 5 ppm-ს და 48 000 ppm-საც კი აღწევდა“. ეს ინფორმაცია "ამერიკის ხმას" კაროლინა როდრიგესმა 2018 წლის 2 ივლისს მიაწოდა.
2018 წლის 7 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სუნელების და სანელებლების წარმოება- გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, რისკის მართვის დროებითი ზომები ამოქმედდება.
19-12-2024
18-12-2024