1-01-2023
საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ საქართველო სტაბილურობით, სიმშვიდით, უსაფრთხოებით, განვითარების ტემპით მათთვისაც სასურველი სახლია, სადაც ისინიც დაცულად ყველა იმ სიკეთით და კეთილდღეობით ისარგებლებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საახალწლო მილოცვაში აღნიშნვს.
მთავრობის მეთაურის თქმით, თავისუფლებისმოყვარე, ამაყ ქართველ ხალხს სირთულეებთან დანებება და შეგუება არ სჩვევია.
„საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ საქართველო სტაბილურობით, სიმშვიდით, უსაფრთხოებით, განვითარების ტემპით მათთვისაც სასურველი სახლია, სადაც ისინიც დაცულად ყველა იმ სიკეთით და კეთილდღეობით ისარგებლებენ, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივით იქმნება და მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. მე მჯერა, ჩვენ ისევ ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში. კიდევ ერთხელ მთელი გულით ვულოცავ ახალ წელს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს. თავისუფლებისმოყვარე, ამაყ ქართველ ხალხს სირთულეებთან დანებება და შეგუება არ გვჩვევია. ჩვენი ახალი ხედვით, ამბიციური, მასშტაბური გეგმებითა და პროექტებით და მეტი შემართებით ვეგებებით 2023 წელს, უკეთესი, კიდევ უფრო წარმატებული, უფრო ბარაქიანი და მშვიდი წლის მოლოდინში. ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლა, მისი სტაბილურობა, ჩვენი ხალხის ჯანმრთელობა და მათი სოციალური კეთილდღეობა, ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ ერთად დავძლევთ ყველა შიდა თუ გარე დაბრკოლებასა და გამოწვევას, ერთად გავუმკლავდებით ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა სირთულეს და ერთად გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებას. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რა სჭირდება მას და რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ გვესმის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ვასრულებთ ჩვენი ხალხის ნებას, ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ საქართველოს ინტერესებს. მადლიერება ქართველთა ერთ-ერთი ძვირფასი ღირებულებაა, ხოლო იმედი და თავისუფლება ჩვენი იდენტობის ნაწილია, ამიტომ მადლიერებით გავაცილოთ 2022 წელი და იმედით, პოზიტიური განწყობითა და შემართებით შევეგებოთ 2023 წელს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გულწრფელად გისურვებთ, ყოველი თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისათვის ყოფილიყოს ეროვნული ერთიანობის, სიმშვიდის, იმედების გამართლების, მეტი სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, ბარაქიანი და წარმატებული წელი. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
16-11-2024
16-11-2024