გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
„vpk-news.ru“(რუსეთი): ალაგირ-ცხინვალის რკინიგზა ნატოს გზას მოუჭრის

24-07-2018

თბილისის დაჩქარებული დაახლოება ნატოსთან და ალიანსის სამიტზე საქართველოს 1991 წლის დროინდელი ტერიტორიისა და საზღვრების კვლავ დადატურება გვიჩვენებს, რომ ამიერკავკასიაში დღევანდელი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია ძალიან ჰგავს 2000-იანი წლების მდგომარეობას და რომ მისი გამწვავება სრულიად შესაძლებელია.


ამის შესახებ რუსული გამოცემის, «ВПК - Военно-промышленный курьер»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი, რომლის ავტორიც ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ალექსი ჩიჩკინია.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:


ბრიუსელმა კვლავ მოუწოდა მოსკოვს უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და ასევე კვლავ გაიმეორა ძველი განცხადება - „საქართველო ნატოს წევრი გახდებაო“. მართალია, გაწევრიანების კონკრეტული ვადები არ სახელდება, მაგრამ მაინც დაჟინებით აცხადებს.


სტრატეგიული 160 კილომეტრი


ზოგიერთი ექსპერტის აზრით, გამორიცხული არაა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ალიანსში მიღება გამარტივებული პროცედურით - ისე, როგორც თავის დროზე მიიღეს საბერძნეთი, თურქეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, ხოლო 2000-იანი წლებში - ალბანეთი და ჩერნოგორია). ამასთან დაკავშირებით, დასავლური მასმედია პროგნოზირებს ექსცესებს საქართველოსა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე, რომელთა მთავარი მიზანი რუსეთის მხრიდან დემარშების პროვოცირება იქნება.


მართლაც ძნელია შეაფასო აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთის უსაფრთხოებისათვის. მით უმეტეს, რომ არსებული ინფორმაციის თანახმად, ნატოს „პარტნიორული“ და სადაზვერვო ობიექტები მალე იქნება განლაგებული ცაგერში, ონში და მესტიაში. ხაზს ვუსვამთ: საქართველოს იმ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რომელიც რუსეთს ეკვრის და იმავდროულად ბუნებრივი სოლივით არის შეჭრილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს შორის. ტყუილად კი არ გეგმავს თბილისი აქ 2019-2021 წლებში მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის იმ განშტოებების შემდგომ მშენებლობას, რომლებიც დღეს ტყიბულამდე და ჯვარამდე მიდის.


მით უფრო გასაკვირია, რომ უკვე მერამდენე ათწლეულია ყოვნდება სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სარკინიგზო მაგისტრალის - 160-175 კილომეტრიანი ალაგირ-ცხინვალის მშენებლობის პროექტის რეალიზება, რომელიც რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. პროექტი 70 წლის წინათ არის შექმნილი, მისი განხორციელება 2009-2012 წლებში უნდა მომხდარიყო (მეოთხე მცდელობით!), მაგრამ ისევ გადაიდო.

მსგავსი სიტუაციაა ყოფილი სოხუმის სამხედრო გზის საფუძველზე დაგეგმილი სარკინიგზო-საავტომობილო დერეფნის (ჩერკესკი - ყარაჩაევსკი - ამტყელი - სოხუმი) მშენებლობის საკითხშიც. ადრე, 1940-50-იან წლებში, ამ გზაზე ავტომობილები მოძრაობდნენ, შემდეგ ტურისტების ქვეით მარშრუტად გადაიქცა, დღეს კი ფაქტიურად არავინ იყენებს.


მიმდინარე წლის ივლისის შუა რიცხვებში ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრმა სერგეი ჩებოტაროვმა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოსკოვში სამხრეთ ოსეთის 2018-2019 წლების საინვესტიციო პროგრამა განიხილეს (რომლის თითქმის 90%-ს რუსეთი აფინანსებს). საკვირველია, მაგრამ ფაქტია: მასში არაა შეტანილი რკინიგზის მშენებლობის პროექტი და როგორც გაირკვა, საეჭვოა მისი შეტანა 2025 წლის გეგმაშიც კი. არადა, უკვე 2017 წლიდან მოქმედებს ნატოსათვის მსგავსი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ფოლადის გზა - ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსი (აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი). ეს რკინიგზა უფრო გრძელი და ძვირადღირებულია (დაახლოებით სამჯერ და მეტად!), ვიდრე ალაგირ-ცხინვალის ხაზი.


ტრანზიტი თუ ჩიხი?


ოსურმა გამოცემამ „ნიხას“-მა ამას წინათ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც სწორედ ალაგირ-ცხინვალის რკინიგზის მნიშვნელობაზეა ლაპარაკი. თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ რთული რელიეფის პირობებში რკინიგზა აშენდეს. ამას მაღალმთიანი გაზსადენის - „ძაურიყაუ-ალაგირ-ცხინვალის“ ექსპლოატაციაც ადასტურებს.


დღეს რუსეთიდან ამიერკავკასიისა და წინა აზიისაკენ მიმავალი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები აფხაზეთსა და ცხინვალში წყდება: მოსკოვი-სოჭი-სოხუმი და მოსკოვი-ალაგირი-ცხინვალი (იგივე „ტრანსკამი“). შესაბამისად, რუსეთს არ აქვს სახმელეთო გზა სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირესთან - სომხეთთან. უმოქმედოა ქართულ-აფხაზური და აზერბაიჯანულ-სომხური რკინიგზა. საქართველოს გავლით რუსული სამოქალაქო და მით უმეტეს, სამხედრო ტვირთების ტრანზიტი სომხეთის მიმართულებით დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, ხოლო აზერბაიჯანის გავლით საერთოდ შეუძლებელია.

მასალში აღნიშნულია, ალაგირ-ცხინვალის რკინიგზის მშენებლობა რუსეთისთვისაც და სამხრეთ ოსეთისთვისაც პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება: არაა გამორიცხული კვაისას პოლილითონების (ტყვია-თუთიის და იშვიათი მეტალების) საბადოს ამოქმედებაც. აშკარაა, რომ მაგისტრალის მშენებლობით მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკური პოზიციები სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვნად განმტკიცდება. ჩვენ იძულებულნი ვართ კვლავ შევახსენოთ ეს ყველაფერი რუსეთის მთავრობას, რადგან სიტუაცია არ იცვლება.


ცხინვალის განვითარების გენერალურ გეგმაში არსებობს სარკინიგზო მარშრუტი ცხინვალიდან ჩრდილოეთ ოსეთისაკენ, მაგრამ როდის იქნება ეს პროექტი რეალიზებული, არავინ იცის. რობერტ გაგლოითი, სამხრეთ ოსეთის ზ.ვანეევის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს ვლადიკავკაზში გამართულ ფორუმზე წამოიჭრა საკითხი სომხეთთან და ირანთან სახმელეთო კავშირებზე, რაშიც დიდი როლის შესრულება ალაგირ-ცხინვალის რკინიგზასაც შეუძლია. ირანი პროექტის მიმართ ინტერესს ამჟღავნებს. საყურადღებოა ამ ტრასის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის, ოფიციალური თბილისის პრონატოური პოლიტიკის კონტექსტშიც.


„მოკლედ, რუსეთისთვის კარგადაა ცნობილი საქართველოს არაპროგნოზირებადი და არასაიმედო პოლიტიკა, შესაბამისად, ალაგირ-ცხინვალის რკინიგზის მშენებლობის ბედიც იმავე მოსკოვის ნებაზეა დამოკიდებული“-წერს ავტორი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930