20-01-2023
გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური (BND) შეშფოთებულია ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლაში უკრაინის არმიის რიგებში დიდი დანაკარგების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ქვეყნის დაზვერვაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც Der Spiegel-ი იუწყება, გერმანიის დაზვერვის სამსახურმა ბუნდესტაგის წევრებს მიმდინარე კვირაში აცნობა, რომ უკრაინის არმია ამჟამად რუს ოკუპანტებთან ბრძოლებში ყოველდღიურად სამნიშნა რაოდენობის ჯარისკაცებს კარგავს.
BND-ში ასევე განაცხადეს, რომ რუსების მიერ ბახმუტის აღებას სერიოზული შედეგები მოჰყვება, რადგან ეს რუსეთს შემდგომი წინსვლის საშუალებას მისცემს.
გერმანიის დაზვერვის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსული ძალები ბახმუტის მახლობლად დაუნდობელი სისასტიკით მოქმედებდნენ, თავიანთ ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ, თუმცა „დიდი დანაკარგები, როგორც ჩანს, გავლენას არ ახდენს მათ საბრძოლო ტაქტიკაზე“.