24-07-2018
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეს არავითარი საერთო პარალელი არ აქვს არც ე.წ. ტრაქტორების და არც ე.წ. კაბელების საქმესთან როგორც ეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
ეს განცხადება ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამისთვის, - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროცესი მიდის, მე არ დავასწრებ მოვლენებს და ვერც დავასწრებ. ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს.
იმას, რასაც კითხულობს ეს კაცი, მარგველაშვილი, რომ ტრაქტორების და კაბელების საქმეს არ დაემსგავსოს, ასეთ კითხვებზე პასუხს არ იმსახურებს. გიორგი მარგველაშვილმა მოახერხა, რომ 8 მილიონის საქმეს, რომელიც სააკაშვილმა უკანონოდ ბიუჯეტიდან დახარჯა, უწოდა პიჯაკების თემა და ის ლამის პოლიტიკურ დევნილადაც დაასახელა. შესაბამისად, ეს კაცი ჩემგან არ იმსახურებს მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემას.
რადგან კითხვა დაისვა, საზოგადოებას მაინც შევახსენებ, რომ ე.წ. ტრაქტორების საქმე ჩემთვის დღესაც საამაყოა. მე ვიყავი მაშინ პრემიერ-მინისტრი, დათო კირვალიძე იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელსაც მე ფავორიტ მინისტრად ვასახელებდი და ასეც იყო. როდესაც პროკურატურის მხრიდან მის მიმართ კითხვები გაჩნდა, მისი დაცვა კი არ დავიწყე, მას ვთხოვე, რომ პროკურატურისთვის მიეცა საშუალება და გამოძიების პროცესში გადამდგარიყო, რაც მან გააკეთა კიდეც. დღესაც ვმეგობრობ კირვალიძესთან და რამდენიმე დღის წინ კიდევ მქონდა მეგობრული შეხვედრა, სოფლის მეურნეობის საკითხებზე მსჯელობაც გვქონდა. ეს არის ხელწერა, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ გუნდში და ეს ძალიან მეამაყება. როდესაც ამას უარყოფით კონტექსტში შეგვახსენებენ, სამწუხაროა, რომ საზოგადოების ოპოზიციური ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკაზე გადავიდა და მას იზიარებენ. ეს არის ის ხელწერა, რაც ჩვენ მოვიტანეთ და მასშივე ჯდება ე.წ. კაბელების საქმეც. ის პერიოდი, როდესაც ერთი გუნდი იყო მარტო თავისუფალი და კანონით პასუხს არ აგებდნენ, გავიარეთ და გადავიტანეთ. იმ ხალხს მისტირის მარგველაშვილი დღეს. სირცხვილია ასეთი პოზიცია, კაცი, რომელსაც პრეტენზია აქვს ან დემოკრატიულობაზე, ან სახელმწიფოებრიობაზე, ან სახელმწიფო მოღვაწეობაზე, კითხვას ასეთი რაკურსით სვამდეს, ცოტა უხერხულია"-განაცხადა ივანიშვილმა.
19-12-2024
18-12-2024