24-07-2018
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი კომპეტენტური ადამიანია და მის შერჩევაში გარკვეული როლი და წვლილი თავადაც მიუძღვის.
ეს განცხადება ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამისთვის, - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"პრემიერ-მინისტრის არჩევაში, რა თქმა უნდა, მე მქონდა როლი და წვლილი და მიმაჩნია, რომ ის კომპეტენტურია, რომ გაუძღვეს დღევანდელ მთავრობას. როგორც ფინანსთა მინისტრის რანგში მან ბევრი კარგი პროექტი შემოიტანა და ინოვაციური წინადადებები ჰქონდა, რაც ინერგება და რისი აღსრულების პროცესიც მიდის.
რაც შეეხება ძირითადს და განსხვავებულს წინა ხელისუფლებისგან, რაც მან ამ მოკლე პროცესში დაიწყო და აგრძელებს, არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა ჰქონდეს ახალ ხელისუფლებას ურთიერთობა პარლამენტთან. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. აი, მარგველაშვილსაც შეახსენეთ ეს, სულ რომ სააკაშვილს უნდა შეედაროს ძალაუფლების სიჭარბით. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, ჩვენ გვაქვს ისეთი კონსტიტუცია, რომ ძირითადი ტრიბუნა უნდა იყოს პარლამენტი. პარლამენტის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული მთავრობა და პრემიერ-მინისტრი და არის კიდეც. ხშირი ურთიერთობა უნდა იყოს, პარლამენტი უნდა იყოს ჩართული პროცესში, გარდა იმისა, რომ გუნდის დიდი ნაწილი პარლამენტს წარმოადგენს. და აი, ეს პროცესი ახალმა გუნდმა როგორც დაიწყო, ისე უნდა გააგრძელოს და იმედი მაქვს, ამას მოახერხებენ"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია გუნდურობა.
"მამუკა ბახტაძე მოწოდებულია ყველა სამინისტროში ჩაერიოს, ყველა სამინისტროს პრობლემები გაიგოს, დაეხმაროს, გაიაროს კონსულტაციები, რაც არ ხდებოდა, სამწუხაროდ, კვირიკაშვილის დროს. ინერტულობა იყო ძალიან დიდი, გადაწყვეტილებები მიიღებოდა ძალიან მძიმედ და ძალიან ხშირად პრემიერი საქმის კურსში არ იყო თითოეულ სამინისტროში რა ხდებოდა"-განაცხადა ივანიშვილმა.
19-12-2024
18-12-2024