24-07-2018
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, როდესაც ის პოლიტიკისგან დისტანცირებული იყო, მთავრობის ფუნქციებში არასდროს ჩარეულა.
ეს განცხადება ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამისთვის, - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„თქვას თუნდაც კვირიკაშილმა რამდენად ვერეოდი მე მის ფუნქციებში. რა თქმა უნდა, ასე არ იყო. მცდელობაც კი არ მქონია. მცდელობა მქონდა მხოლოდ იმ ნაწილში ეკონომიკისა, რომ ბანკებმა გადაჭამეს ქვეყანა და რეგულაციები უნდა შემოეღოთ, რასაც ვერ მივაღწიე. სხვა საკითხებში არანაირი დაჟინებული მოთხოვნა და ხშირი ზარები არ მქონია. თვითონ თუ ფორმალურ ზარებს განახორციელებდა და შემეკითხებოდა, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი. აქაა კვირიკაშვილი, რომელიც ჩემი მეგობარი აღარაა და კითხეთ, რამდენად ვმართავდი მას.
რასაც მაბრალებენ და არაფორმალურ მმართველობას ეძახიან, მათ ერევათ საზოგადოებრივ კონტროლში. ერევათ იმაში, რაც მე ძალიან ხშირად მითქვამს, რომ მაქვს საზოგადოების ნდობა და ამ ნდობით შემიძლია ვისარგებლო ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერი ხელისუფალი გავაკონტროლო. წასული ვიყავი ხუთი წლის განმავლობაში, მაგრამ ძალიან კარგად იცოდნენ ჩემმა გუნდის წევრებმა, რომ მე გაფაციცებით ვადევნებდი თვალყურს როგორ ვითარებოდა პროცესები. ვისაც ხელის წაცდენის სურვილი ქონდა, კარგად იცოდა, რომ პასუხ მოვითხოვდი"-განაცხადა ივანიშვილმა.
19-12-2024
18-12-2024