გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: დენდროლოგიური პარკის პროექტში მხოლოდ პლიუსებია

25-07-2018

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხეების გადატანით, რის გამოც მის წინააღმდეგ შავ პიარს აგორებენ, რეალურად ქვეყანა მნიშვნელოვან სარგებელს ნახულობს.


ეს განცხადება ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამისთვის, - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.


„ხეების გადატანა ყველაზე დიდი ბრალდებაა ჩემ მიმართ და საზოგადოებასაც ყველაზე ახლოს შეიძლება მოეჩვენოს ლეგიტიმურობასთან, რომ ლეგიტიმურია ბრალდება – რა უბედურება სჭირს ამ კაცსო. თან როგორც აფორმებს ამას „რუსთავი 2“ და ოპოზიცია, გადათხარა მთელი აჭარა და სამეგრელოო. სულ 120 ხეზეა საუბარი და რაც დამრჩა კიდევ შემოსატანი რამდენიმე, მაქსიმუმ 140-ზე შეიძლება ავიდეს.

ყველაზე ხმაურიანი და ხანგრძლივი ალბათ ოპოზიციის მხრიდან ამ პროცესებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ბრალდებები იყო, რომ რკინიგზა გადავკეტეთ, ხალხს დენი გამოვურთეთ, საცობები კეთდება, გადაითხარა და დაინგრა ტერიტორიები, ეკოლოგია აღარ აღდგება, რომ გავანადგურე მწვანე ბუნება, ეკოლოგია და ასე შემდეგ.


რეალურად, თუ გავაანალიზებთ, შემიძლია, ცალკე გადაცემა მივუძღვნა, შევხვდე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, თუ გნებავთ ოპოზიციასაც საჯაროდ, რადგან პლუსის მეტი იმაში, რასაც ვაკეთებ, არაფერი არაა.


იმ პარკისთვის, რასაც მე ვაკეთებ, ძალიან ძვირს ვიხდი და მხოლოდ ბევრი პირადი ფული იხარჯება იმიტომ, რომ მთლიანად საქართველოში დარჩება. საქართველოს მოსახლეობამ 10 თუ 12 მილიონი ლარი მიიღო ხეების კომპენსაციის სახით.


ცოტა კურიოზული სიტუაციაც შეიქმნა, ისე მიეჩვია ხალხი, რომ ივანიშვილი მაინც გადაიხდის, ზღვიდან მოშორებით ნაკვეთის ღირებულება თუ არის ვთქვათ, კვადრატული მეტრი 10 დოლარი, მე გატარებაში ვიხდი ამ თანხას და ზოგჯერ უფრო მეტსაც. ერთი საათით გადავივლი და ეს ნაკვეთი ისევ რჩება. ეს ფული მთლიანად მოსახლეობაში რჩება. რკინიგზასაც ძალიან დიდი ფული აქვს იმაში მიღებული, რომ ჩახსნას და გადაკეტოს, რათა ამ მანქანამ გარკვეულ დროს გადაიაროს, მაგრამ არასდროს ყოფილა შემთხვევა, არც ერთი წუთით, რომ მატარებლის მოძრაობა შეფერხებულიყო, რაზეც ძალიან ხშირად ცრუობს „რუსთავი 2“. ვერ დამისახელებთ ამ პროექტის ვერც ერთ მინუსს. ერთი პატარა მინუსი, რაც შეიძლება დავასახელოთ არის ის, რომ გარკვეულ დროს, რამდენჯერმე 5-10 წუთიანი, მაქსიმუმ 15-წუთიანი საცობი წარმოიქმნა. დღესაც მძღოლებს ბოდიშს მოვუხდი ამ უხერხულობისთვის. ამაზე მეტი არაფერი გაფუჭებულა, არ გაჩეხილა, არაფერი გადაშენებულა, მით უმეტეს, ეკოლოგიას არაფერი შეხებია. მე რომ ეკოლოგიაზე მსაყვედურობს ხალხი, რომელსაც ერთი ხე არ დაურგავს... ხეების გადარგვის თემას პოზიტივის მეტი არაფერი ახლდა. პარკიც იქნება ძალიან საინტერესო და ვთქვი თავის დროზე, რომ ეს პარკი საზოგადოებრივი იქნება. ოპოზიცია ამაზე საერთოდ არ აკეთებს მინიშნებას, საკუთარ სახლში და საკუთარ ეზოში მიაქვსო ამბობენ. სხვათა სორის, საკუთარი იყო ჩემი მიწები, როდესაც ციცინათელას ვაშენებდი, ის მიწები მე შევისყიდე ზოგი მოსახლეობისგან, ზოგი სახელმწიფოსგან, შევისყიდე, ავაშენე ციცინათელა და სახელმწიფოს თავის მიწებიანად ვაჩუქე"-განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031