25-07-2018
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "პანორამა თბილისი" ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებიში დიდ წვლილს შეიტანს.
ეს განცხადება ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამისთვის, - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"პანორამასთან დაკავშირებით ერთმა ქალბატონმა მკითხა, თუ რატომ ვაშენებდი, ფული გაკლიაო? რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ ისევ საერთო საქმისთვის ვაკეთებ. ის, რაც პანორამის სახით შენდება, არის უპრეცედენტო პროექტი.
ეს პროექტი, რა თქმა უნდა, ტურიზმის და სხვა მიმართულების განვითარებას ძალიან დიდ ბიძგს მისცემს. ეს არის სამსაფეხურიანი სასტუმრო. „ცეკავშირის“ შენობის ადგილზე აშენდა შენობა, რომელიც ყოფილი შენობის საზღვრებს ერთი მეტრით არ გადაცილებია და აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ყვიროდნენ.
გახსოვთ ალბათ, „ცეკავშირის“ დამახინჯებულ შენობაზე წლობით ფარდები იყო ჩამოფარებული და მას ვერაფერს უხერხებდნენ. თბილისში ყველაზე ცენტრალური ადგილი ალბათ ეგ არის და აქედან საბაგიროთი ოთხ წუთში ადიხარ ადგილზე, სადაც შეგიძლია, გოლფი ითამაშო. შუაში კიდევ არის ძალიან საინტერესო ადგილი, სადაც ოდესღაც, ძველი თბილისის სანაგვე იყო და ამ ადგილზეც სასტუმრო გაკეთდება. მესამე საფეხური თაბორის მთაა, სადაც სასტუმროც გაკეთდება, გოლფ კლუბიც და გოლფის მოედანიც.
ასევე გაკეთდება უნიკალური საკონფერენციო სივრცე, რაც მთელ მსოფლიოში ძალიან დეფიციტია. ათას ხუთას კაცს ვერ ვატევთ ვერსად და აქ ხუთი ათას კაცს დაატევ. თან, საბაგიროთი შეიძლება გადაადგილება და არა მანქანით.
ასევე, იქნება მეტი სიმწვანე. განაშენიანების პროცესი დაწყებული მაქვს და ამ ნაწილს ისედაც ვანაშენიანებდი, სანამ თაბორს დავიწყებდი. რა თქმა უნდა, იქ სიმწვანეც მეტი იქნება და თან, ქალაქის ცენტრში რომ ასეთი რამ ხდება, ასეთი დონის სასტუმროების კასკადი რომ იქნება, გარწმუნებთ, ეს თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება.
ასევე, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ოღონდ ეს პროექტი გააკეთოს ვინმემ და მინიმუმ, მიწას გადავუფორმებ უფასოდ, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ასეთივეა ანაკლიის პროექტიც. მე მიწა შეძენილი მაქვს, მაგრამ თუ ვინმე ააშენებს, იმ მიწას ვაჩუქებ, უფასოდ მივცემ. ასევე უნიკალურ პროექტს ვაკეთებ სანატორიუმის სახით, რასაც მწვანე კონცხი ჰქვია და იმ შემოსავლებით ბოტანიკურ ბაღს მივხედავ ბოლომდე"-განაცხადა ივანიშვილმა.
19-12-2024
18-12-2024