27-01-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. მინისტრმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე თევზაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ხელმძღვანელობასთან. შეხვედრას მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი ვოლფგანგ ჰერმანი ესწრებოდა.
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ დეტალურად ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის.
მიხეილ ჩხენკელმა გერმანულ მხარესთან სამეცნიერო კავშირების გაძლიერების ხელშეწყობასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მედიცინის სკოლას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სასიხარულოა, რომ ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წამყვანი პროფესორები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას და ქართველ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. მნიშვნელოვანია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. როგორც მინისტრმა განაცხადა, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ არაერთმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.
თავის მხრივ, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ხელმძღვანელობამ დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემის მეგა-პროექტი და ადრონული თერაპიის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების გზით. საუბარი ასევე შეეხო სტუდენტებისთვის გაცვლითი და სტაჟირების პროგრამების განხორციელებას.
შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში, ქართველ და გერმანელ მეცნიერებსა და მკვლევრებს შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და განაცხადეს, რომ ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის დასასრულს, მიხეილ ჩხენკელმა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელები საქართველოში მოიწვია.
16-11-2024
16-11-2024