გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ წლიური და გრძელვადიანი სარეიტინგო წინსვლით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულებშია

1-02-2023

გამოქვეყნდა „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2022“, რომელიც მსოფლიოს 165 ქვეყანას და ტერიტორიაზე ადამიანის თავისუფლების ხარისხს ათეულობით სხვადასხვა ინდიკატორზე და კვლევაზე დაყრდნობით სწავლობს. ინდექსს და მსოფლიო რეიტინგს „ფეიზერის ინსტიტუტი“ და „კატონის ინსტიტუტი “ ერთობლივად აწარმოებენ.


აღსანიშნავია, რომ „ადამიანის თავისუფლების ინდექს 2022“-ის შეფასების სისტემამ წელს მნიშვნელოვანი გადამუშავება განიცადა, რის გამოც მოხდა გასული წლების შეფასების ქულების და სარეიტინგო პოზიციების რეტროსპექტიული გადათვლა, რევიზია და ახლებური ფორმალიზება.


ცვლილებების მიუხედავად, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 11 პოზიციით წინ გადავიდა და 54 ადგილიდან 43 ადგილზე დაწინაურდა. რეიტინგის ასეთი ან უფრო მკვეთრი გაუმჯობესება საქართველოსთან ერთად მხოლოდ 8 ქვეყანამ მოახერხა. შესაბამისად საქართველო წლიური თვალსაზრისით რეიტინგში დაწინაურებულთა საუკეთესო ათეულშია.წლიური პროგრესის გარდა, კვლევამ ყურადღება გაამახვილა XXI საუკუნეში განცდილ 20 წლიან სარეიტინგო პროგრესზე და ქვეყნების მიმდინარე რეიტინგები მეოცე საუკუნის ბოლო წელიწადს, 2000 წელს გამომსახველობითად შეადარა. აქაც საქართველომ მნიშვნელოვანი 23 ადგილიანი წინსვლა აჩვენა და 7 საუკეთესოს შორის მოხვდა. გამოცემის შეფასებით, 2000 წელს, საქართველო მსოფლიოში 66-ე ადგილზე იყო. ბოლოს ასეთი არასახარბიელო შედეგი, ანუ მსოფლიოში 66-ე ადგილი, მხოლოდ 2012 წელს დაფიქსირდა. 21-ე საუკუნეში კი ყველაზე ცუდი სარეიტინგო პოზიცია ქვეყანას 2008-2012 წლებში აღმოაჩნდა, როცა მისი რეიტინგი XX საუკუნის ბოლო წლის შედეგსაც კი ჩამოუვარდებოდა და მსოფლიოში 73-ე და 66-ე ადგილს შორის მერყეობდა.„ადამიანის თავისუფლების ინდექს 2022“-ის რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ არაერთ ქვეყანას, სხვადასხვა პარტნიორ სახელმწიფოებს და განვითარებულ ქვეყნებს: პოლონეთს, საბერძნეთს, უნგრეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს, უკრაინას, მოლდოვას, ისრაელს, სინგაპურს და ა.შ.


რეიტინგის აგრეგატებიდან აღსანიშნავია „სასამართლოს მიუკერძოებლობის“ ინდიკატორი, სადაც საქართველომ გაუსწრო მსოფლიოსა და ევროპის ბევრ მოწინავე ქვეყანას: იტალიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, რუმინეთს, ხორვატიას, საბერძნეთს, აგრეთვე ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, უკრაინას, მოლდოვას და ყველა მეზობელ ქვეყანას. ეს ინდიკატორი შემუშავდა მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის, დემოკრატიის კვლევის ცენტრ V-dem ინსტიტუტის და მსოფლიოს ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების კანონის უზენაესობის შეფასების საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილებებში ხელისუფლების ჩაურევლობას, მოსამართლეთა კეთილსინდისიერებას და მთავრობის მხრიდან კანონის უზენაესობის დაცვას აერთიანებს.
რაც შეეხება „სასამართლოს დამოუკიდებლობის“ ინდიკატორს, აქ საქართველომ უკეთესი შედეგი აჩვენა ვიდრე უნგრეთმა, პოლონეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველოს ყველა მეზობელმა ქვეყანამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930