2-02-2023
მსოფლიოში არ არის ქვეყანა, სადაც ეკონომიკური წინსვლა საბოლოოდ არ აისახა მოქალაქეზე. ჩვენი ქვეყანა ნელნელა, მაგრამ წინ მიდის და ეს პროგრესი ხელშესახებია, საბოლოო ჯამში ამას ვერაფერი დაანგრევს და შეეწინააღმდეგება - განაცხადა „ღამის კურიერში“ „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ბევრს ალბათ ვერც წარმოედგინა, რომ შარშანდელი პირველი თვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, წელს კიდევ იქნებოდა შესაძლებელი წინა მაჩვენებლის კიდევ 10% ზე მეტით გაზრდა. ამის მიუხედავად, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა პირველივე თვეში დაფიქსირდა, რაც ძალიან საიმედო პროგნოზის საფუძველს იძლევა.
ამასთან, მისივე თქმით,შემდეგი გამოწვევა საერთო ეკონომიკური წინსვლის დივერსიფიცირებაა.
„რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, რეალობა არის ერთი - ბევრს ალბათ მართლა ვერ წარმოედგინა, ეკონომისტებს განსაკუთრებით, ვინც ამაში კარგად ერკვევა, რომ შარშანდელი პირველი თვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, მომავალ წელს კიდევ მოახერხებდი იმ გაზრდილის კიდევ 10% -ზე მეტით გაზრდას, ძალიან რთული რამ არის. ამის მიუხედავად, მაინც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა პირველ თვეშივე დაფიქსირდა და ეს ძალიან საიმედო პროგნოზის საფუძველს გვაძლევს.
მერე ადამიანი კითხულობს, კი ბატონო, მესმის, მე რა? ამის შემდეგი გამოწვევა სწორედ ეს არის, ამ საერთო ეკონომიკური წინსვლის დივერსიფიცირება, ეს ერთ დღეში ვერ ხდება მარტივად. ჩვენ ხომ ერთი რეალობა ვიცით ძალიან კარგად, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 4-დან 5 ათას დოლარამდე იყო, ხან პანდემიის დროს წაწეული ვიყავით ცოტა წინ 2019-ში, შემდეგ უკან დავიხიეთ ძალიან და დაახლოებით, ამ ფარგლებში ვიყავით. პირველად არის, როდესაც ამას დაახლოებით 2 000 დოლარის ფარგლები დაემატა.
მომდევნო თვეში რთულია ეს, ბევრმა შეიძლება ვაჭრობის ნაწილში, ვინც ამ სფეროშია, იგრძნო, მაგრამ მოქალაქე, რომელიც იღებდა დაუშვათ ხელფასის სახით 1000 ლარს, ფასებმა აიწია და ის 1000 ლარი გაუფასურდა, იმისთვის ძნელი ასახსნელია, მაგრამ ახლა მთავარი გამოწვევა სახელმწიფოსთვის სწორედ ეს არის, რომ ამ ადამიანებამდე ჩავიდეს ეს. არსად არ მომხდარა, რომ საბოლოო ჯამში ეკონომიკური წინსვლა კონკრეტულ ადამიანებამდე არ მისულიყო. ეს ყოველდღიურობაა, ვიღაცამ იგრძნო, ვიღაცამ ვერ იგრძნო, მე ვიცი ისეთი ადამიანიც, რომელსაც ჩემთვის პირადად უთქვამს - მე იგივე ხელფასი მაქვს, მაგრამ ხელფასი მოემატა ამასობაში ჯარისკაცს, პოლიციელს, შეიძლება ისიც არ იყოს საკმარისი, ამაზე ზრუნავს სახელმწიფო, ამასობაში სოციალური პაკეტები ეხმარება.
ოჯახში რამდენი ფულიც გაქვს, იმის შესაბამისად ცდილობ ოჯახის შესაძლებლობები გაზარდო, უკეთესად იკვებო, ჩაიცვა. სახელმწიფოც ასე ზრუნავს თავის მოქალაქეზე, რომ ცხოვრების უკეთესი პირობა შეუქმნას. მოქალაქემაც ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის, რომ ჩაერთოს ეკონომიკურ აქტივობებში.
ძალიან გული მწყდება, შეხვედრებზე რომ დავდივართ, სხვადასხვა სოფელში, რაიონში არსებული პროგრამების შესახებ ნაკლები ინფორმაციაა, მითქვამს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება, შემდეგ ჩართულან, ზოგი ახერხებს, ზოგი სამწუხაროდ ვერა, ხელფასი იზრდება, არის ძალიან ბევრი პრობლემა, სიღარიბის მაჩვენენებელი 30% რომ იყო და 17-%ზე რომ ჩამოვიდა, ეს რას ნიშნავს იცით, იმ 17 %-დან ვინც მოგისმენს, შეიძლება გააღიზიანოს, მაგრამ იმ 13%-მა თავის თავზე იგრძნო და ამხელა მხარდაჭერა 10 წლის თავზე ჰაერიდან არ მოდის ხომ? ეკონომიკური წინსვლაც სტატისტიკაა, გულით რომ მოგინდეს, ვერ მოიტყუები, მაგრამ ის სტატისტიკაც ვიზალიბერალიზაციის პირობებში დრამატულად რომ არ გაზრდილა და მაინც ლაპარაკობენ ზეპირად, ეს სტატისტიკაც ხომ ხელის გულზე დევს? მათი ხელისუფლების პირობებში ვიზალიბერალიზაცია არ იყო და გაცილებით მეტი ადამიანი გადიოდა ქვეყნიდან, ესეც ხომ სტატისტიკაა.
მსოფლიოში არ არის ქვეყანა, სადაც ეკონომიკური წინსვლა შეიძლება ერთ დღეში და ერთ თვეში არა, მაგრამ საბოლოოდ არ აისახა მოქალაქეზე. საშუალო მაჩვენებელს - 10-11 000 დოლარს რომ გაცდები, უკვე სიღარიბესთან დაკავშირებით ნაკლები პრეტენზია მიდის ხელისუფლებასთან, ჩვენ აქეთ მივდივართ, 7 000 დოლარის ფარგლებს რომ მივუახლოვდით და პროგრესია ამ მიმართულებით, ეს ციფრია ამ წუთში, ხვალ და ზეგ ნელნელა იმაზეც უნდა აისახოს, ვინც დღეს ამას გსაყვედურობს. ამაში შიგნით თუ შეგიშალეს ხელი რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ ისეთი ეროვნული მიდგომით და დამოკიდებულებით, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, სიმართლით, ბევრ დარტყმას მივიღებთ, ბევრჯერ შეეცდებიან დაგვაზიანონ, მაგრამ სიმართლე, საკუთარი ქვეყნის სიყვარული და ხალხის სწორი აღქმა ყველაფრისა, ამდენი ტყუილების, უბედურების, გარე თუ შიდა შემოტევის ფონზე, მაინც იმას უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა ნელნელა, მაგრამ წინ მიდის და ეს პროგრესი ხელშესახებია, საბოლოო ჯამში ამას ვერაფერი დაანგრევს და შეეწინააღმდეგება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024