26-07-2018
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საბერძნეთში ძლიერი ხანძრის შედეგად 81 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. სტიქიის ზონასთან ახლოს მდებარე საზაფხულო ბანაკებიდან, სანატორიუმებიდან და საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
საბერძნეთში საქართველოს საგანგებო ელჩის იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, ხანძრის გამო საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს ექვს მოქალაქეს სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამის შესახებ მან სააგენტო "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
ელჩის თქმით, იმ ადამიანებიდან ვისაც დახმარება დასჭირდა, ზოგი შოკშია, ზოგი კი დამწვრობა აქვს მიღებული. ელჩის თქმით, არცერთი ქართველის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ასევე, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზას ვამოწმებთ დღეში ორჯერ, დღის დასაწყისში და დღის ბოლოს. ამ დილის მონაცემებით, ბაზაში ქართველების გვარი არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ელჩმა.
მორიგი განცხადება გაავრცელა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა. ალექსის ციპრასმა მსხვერპლის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ამ დროისათვის ატიკის რაიონში ხანძარი თითქმის მთლიანად არის ლოკალიზებული. სახანძრო სამსახური აცხადებს, რომ ღია კერები სტიქიის ზონაში ფაქტობრივად აღარ ფიქსირდება.
ამ დრომდე ვერ ხერხდება დააკრგულთა ზუსტი რიცხვის დადგენა. საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია საელჩოს ცხელი ხაზი +306995779793.
19-12-2024
18-12-2024