6-02-2023
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით გორში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „გორი ინნ" ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებაში სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე მონაწილეობდნენ.
„აწარმოე საქართველოში" თანადგომით შექმნილ სასტუმროში, რომელიც 120 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს აერთიანებს, 100-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდა. „ინნ ჯგუფმა" სასტუმროში 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
„ინნ ჯგუფის" წარმატებით განვითარება ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, თუ როგორ ვითარდება ბიზნესი სახელმწიფოს მხარდაჭერით. კერძოდ, ჩვენი სააგენტოს სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში მიღებული დახმარებით, „ინნ ჯგუფმა" ბაკურიანის, ქუთაისისა და გუდაურის შემდეგ , ამჯერად გორში გახსნა მაღალი კლასის, პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო. დარწმუნებული ვარ, მომავალში კვლავ გავაგრძელებთ ერთად საქართველოს სხვა ქალაქებისა და რეგიონების მოცვას", - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
„აწარმოე საქართველოში" სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში 200-ზე მეტი სასტუმროა დაფინანსებული. შექმნილი სამუშაოების ჯამურმა მაჩვენებელმა კი 5 800-ს გადააჭარბა.
„ინნ ჯგუფი" 2015 წელს შეიქმნა და დღეს უკვე 10 კომპანიას აერთიანებს, მათ შორის სასტუმროებს ბაკურიანში, გუდაურსა და ქუთაისში, ასევე საწარმო „ალუტექ ჯორჯიასა" და სამშენებლო კომპანია „ინნ დეველოპმენტს".
16-11-2024
16-11-2024