26-07-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბრიუსელში მისი ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული იყო.
მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი დემონსტრირება იყო იმისა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია პრიორიტეტულია.
„აქვე მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან და წარმატებულ ვიზიტს ბრიუსელში. ეს გახლდათ პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც, რა თქმა უნდა, დამთხვევა არაა. ეს გახლავთ კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
ვიზიტი ძალზე ნაყოფიერი იყო, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ჩვენს მეგობარს ბრიუსელში გადავუხადო მადლობა იმ ძალიან პრინციპული მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენ კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ. ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე საზოგადოებას ჰქონდა საშუალება მოესმინა ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული გზავნილები. ამასთან, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალ ტუსკთან და სხვადასხვა ევროკომისართან, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს არსებობს რეგიონში. ამასთან ერთად, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წინაშე აღებულ ვალდებულებას (DCFTA) ჩვენ წარმატებითულად ვახორციელებთ. თუმცა აქვე აღვნიშნე, რომ ვაპირებთ, ეს პერიოდი კიდევ უფრო შევამციროთ და ვადაზე ადრე მოვახდინოთ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც ჩვენ თავის დროზე ავიღეთ, როდესაც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
ამასთან ერთად, ევროპულ პარტნიორებთან ვისაუბრეთ ახლად შექმნილი უმაღლესი დონის ფომარტის მნიშვნელობაზე, როგორც მოგეხსენებათ, ნოემბერში ვგეგმავთ ამ ფორმატში, პირველ შეხვედრას, რომელიც კონკრეტულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული და ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას“ - განაცხადა ბახტაძემ.
19-12-2024
18-12-2024